„სენატორი ჯონ მაკკეინი, წლების განმავლობაში, საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერი და მეგობარი იყო. მან საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული განვითარების, საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. თბილისშიც და ქუთაისშიც, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური ცენტრია და საპარლამენტო დედაქალაქი, მაკკეინის სახელი უნდა მიენიჭოს რომელიმე ქუჩას, სკვერს ან რომელიმე დაწესებულებას, რაც მის მიმართ განსაკუთრებული მადლიერების ნიშანი იქნება“, - აცხადებს გიგი წერეთელი.
„ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიგი წერეთელსა და ჯონ მაკკეინს პირად საუბრებშიც არაერთხელ განუხილავთ ქუთაისის პერსპექტივის, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების საკითხები: „ჯონ მაკკეინი განსაკუთრებით მხარს უჭერდა საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას“.
გიგი წერეთელი ქუთაისის საკრებულოს და მერიას მისი ინიციატივის განსახილველად უახლოეს დღეებში მიმართავს.
ამერიკელი სენატორი და საქართველოს ეროვნული გმირი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს წინაშე დამსახურების გამო, მისი სახელობის ქუჩების გახსნა თბილისსა და ბათუმშიც მოითხოვეს.