weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ძალა ერთობაშია „იმედს“ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ე.წ. ფეიკ-ნიუსის გავრცელებისთვის უჩივის

15:56 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ ე.წ. ფეიკ-ნიუსს ავრცელებს. „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართავს და „იმედის“ იმ სიუჟეტების შესწავლას მოითხოვს, სადაც ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით ვაშაძის კომენტარია გამოყენებული.

საქმე ეხება „იმედის“ სიუჟეტებს, სადაც 2008 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს ფრაგმენტია გამოყენებული. ვაშაძე ამბობს, რომ „იმის პროვოცირება, რაც კოკოითის რეჟიმმა ცხინვალში სცადა, თვითშემოქმედება იყო და მოსკოვიც კი არ იყო ამისთვის მზად“.

„ძალა ერთობაშია“ და თავად გრიგოლ ვაშაძე ირწმუნებიან, რომ ეს განცხადება აგვისტოს ომის დაწყებამდეა გაკეთებული, თუმცა „იმედი“ მას არასწორ კონტექსტში „ატრიალებს“ და ფაქტებს ამახინჯებს.

„ეს განცხადება გაკეთებულია 2008 წლის 4 აგვისტოს, როდესაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ყველანაირი ძალისხმევით ვცდილობდით ომი აგვეცილებინა და როგორმე დაგვეწყნარებინა მოსკოვი, რომელსაც აგრესია უკვე მომზადებული ჰქონდა. ის რაც, ამ სიუჟეტში იყო, არის ყალბი ახალი ამბები და ამ სიუჟეტის შემკვეთს უნდა საქართველო და ჩვენი პოლიტიკური პროცესი გადააქციოს ნაგვის ყუთად“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

„ძალა ერთობაშია“ ითხოვს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტებს შესაბამისი შეფასება მისცეს.

„მივმართავ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ვთხოვ, რომ ეს სიუჟეტები თავიდან ბოლომდე შეისწავლონ, რადგან ყველა ნორმას არღვევს. მოვითხოვთ, ამ ყველაფრის შეფასება მოხდეს. სწორედ ასეთი ტიპის „ფეიკ-ნიუსებს“ ებრძვის მთელი ცივილიზებული სამყარო. არ შეიძლება რომ მედიასაშუალებები თავიდან ბოლომდე ფაქტებს ამახინჯებდნენ“, - განაცხადა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „იმედის“ მიერ მსგავსი სიუჟეტების მომზადება გრიგოლ ვაშაძის მაღალ რეიტინგთან არის დაკავშირებული: „ჩვენი კონკურენტები შეშფოთებულები არიან ბოლო კვლევებით, რომელიც მათმა შტაბმა ჩაატარა, სადაც აბსოლუტურად ყველა კვლევაში გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, რადგან ის არის ღირსეული კანდიდატი, ის დიდ როლს შეასრულებს როგორც საქართველოს პრეზიდენტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]