მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ადგილობრივებს გამძლეობისა და სამშობლოს ერთგულებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ეს სიყვარული, რომელიც დღეს აქ იგრძნობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს შატილს და ქართულ მთას. იმ მთას, სადაც ყველაზე უფრო ინახავენ ქართულ გენს, ქართულ სულსა და ტრადიციებს. თითოეული ქართველი და მსოფლიო კულტურა ამაყობს ამ უნიკალური ძეგლით. შატილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ და წელსაც ერთი კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა. უკვე გვაქვს განვითარების გენერალური გეგმა“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მთავრობა ძალიან სწრაფად ახორციელებს გზების რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალზე პირდაპირ აისახება.
„როგორც დაგპირდით, რამდენიმე თვეში დავიწყებთ ხელმისაწვდომი დაფინანსების პროგრამას, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება იმას, რომ ადგილობრივებმა თავიანთ ოჯახებში შეძლონ ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მათ დამატებით შემოსავალს მოუტანს, ხოლო საქართველოს მოუტანს დამატებით ტურისტებს და იმას, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნოს, რამხელა ტრადიციებისა და კულტურის მატარებელი ერი ვართ ქართველები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.