უსუფაშვილის განცხადებით, „მეტი შეგვიძლია>“ ნიშნავს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის და თვითრწმენის აღდგენას და განმტკიცებას, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, 1918-21 წლების დემოკრატიული საქართველოს და 1980-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისკვეთების აღორძინებას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საზოგადოების დემოკრატიულ მოდერნიზაციას და ევროპულ ცივილიზაციაში სრულფასოვან დაბრუნებას.
„გარეშე მტრებისა და პერსონალურ ქიშპობაში გართული შიდა პოლიტიკური ძალების გავლენით სულ უფრო ბევრ მოქალაქეს იპყრობს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანას მეტი არ შეუძლია და ამ ქვეყანაში მას მეტი აღარ შეუძლია - ამიტომ ბევრი ან ტოვებს ქვეყანას, ან რჩება ქვეყანაში, მაგრამ სრულად ემიჯნება საჯარო ცხოვრებას, ანუ საკუთარ სახელმწიფოს.
ეს ტენდენცია ქართულ სახელმწიფოს თვითლიკვიდაციისკენ მიაქანებს. საჭიროა დავიბრუნოთ აღმაშენებლის, ექვთიმეს, ანწუხელიძის რწმენა, რომ შეგვიძლია და მაშინ ყველაფერს შევძლებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი საზრუნავი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქართული სახელმწიფოებრიობის თანაბარი გავრცელება, განმტკიცება და გაძლიერება უნდა იყოს.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის მსურველმა 39-მა პირმა მიმართა. საარჩევნო სუბიექტებს და საინიციატივო ჯგუფებს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ხვალ ეწურებათ.