კობახიძის თქმით, შერჩეულ კანდიდატს „ქართული ოცნება“ ფინანსურადაც დაეხმარება. კერძოდ, მმართველი პარტიის შემომწირველებს მოუწოდებენ, თანხა შერჩეული კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ.
„8 სექტემბერს, 18:00 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ კვირას გვექნება იმის საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარს დავუჭერთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. მხარდაჭერა იქნება ფართო, შეიძლება ითქვას, ჩვენი წარმომადგენლები მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომლებიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პრეზიდენტობის მსურველმა 41-მა კანდიდატმა მიმართა. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს – 1. მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; 2. ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“; 3. შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.