weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა მარიხუანას წარმოება-გადამუშავების გასაკონტროლებლად ახალ სააგენტოს შექმნის

15:14 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას წარმოებისა და გადამუშავების გასაკონტროლებლად სპეციალური სააგენტო შეიქმნება. ინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მარიხუანას წარმოების ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს სწორედ აღნიშნული სააგენტო განსაზღვრავს.

„აუცილებლად უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული სააგენტო, რომლის ფარგლებშიც მოხდება კონკრეტული სალიცენზიო პირობების დადგენა. სხვადასხვა სახის საქმიანობებზე იქნება სხვადასხვა ლიცენზიები. ეს შეიძლება იყოს მოყვანა, წარმოება, გადამუშავება და ა.შ. ეს იქნება მკაცრად რეგულირებადი საქმიანობა, რომელსაც ეყოლება თავისი რეგულატორი, სადაც უმკაცრესი და ეფექტური კონტროლის მექანიზმები იქნება ღია. სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს, კონკურსის სახეობებს და ა.შ.“, - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, რიგ ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, გერმანიასა და ჩეხეთში, სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია ლეგალურია. გახარიას განცხადებით, შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მარიხუანას მოხმარებაზე, არამედ მის კულტივაციაზეც.

„არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ის მოძრაობა, რომელიც დღეს ევროპაშია, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლაა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.

„იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც წარვადგინეთ, არც მოხმარების მომენტი და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, კონკრეტულ შემთხვევებში, თუ მოხდება სარეაბილიტაციო რესურსის გაძლიერება, სამართალდამცველებს ზემოთაღნიშნული ცვლილებების განხორციელება მიეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციისა და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წახალისებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ“, - განაცხადა გახარიამ.

„მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]