weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიანეთში ვაშაძის პლაკატის ჩამოხევის გამო „ქართული ოცნების“ აქტივისტი ცემეს

17:54 კვირა, 16 სექტემბერი 2018

თიანეთში, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატის ჩამოხევის გამო, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაშაძის შტაბის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივისტი, რომან ფაშურიშვილი პლაკატის ჩამოხევის დროს შენიშნეს. მელიას თქმით, ფაშურიშვილი პოლიტიკური დავალების საფუძველზე, გრიგოლ ვაშაძის პლაკატებს მთელ მუნიციპალიტეტში ხევდა, ფოტოებს კი სოციალურ ქსელ Facebook-ში პირად გვერდზე აქვეყნებდა.

„მთელ რაიონში ყველა პლაკატი პრაქტიკულად ჩამოხეულია. ამას თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი, ეს ხელმრუდე ვაჟბატონი აკეთებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუცნაშვილი გავაფრთხილე, ხელი აეღო ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე, ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა მისი ბიუროს თანამშრომელს ფაქტზე წაასწრეს და საკადრისი პასუხი გასცეს.

პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც ხელს შეუშლის გრიგოლ ვაშაძეს საარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვაში. დავიცავთ ყველა ხმას, მათ შორის ფიზიკურადაც“, - ამბობს ნიკა მელია.

„ქართული ოცნების“ წევრისა და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, ინფორმაცია თითქოს რომან ფაშურიშვილს პლაკატის ჩამოხევის დროს მიასწრეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფაშურიშვილი სახლიდან გამოიყვანეს, ჩამოხეული პლაკატით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო კი საბაბად და შესაფუთად გამოიყენეს. როგორც რომან ფაშურიშვილმა მითხრა, ფოტო სხვის მიერ ჩამოხეული პლაკატით გადაიღო და გამოაქვეყნა, რითიც იმის ჩვენება უნდოდა, რომ ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ პლაკატებს ხევს და ხელისუფლებაში მათ დაბრუნებას არ დაუშვებს. ამას წერდა ფაშურიშვილი სოციალურ ქსელში, რის გამოც სახლიდან გამოიყვანეს და პასუხი მოსთხოვეს. ცხვირი გაუტეხეს და ტვინის შერყევის ნიშნებიც აქვს“, - უთხრა „რეგინფოს“ გიორგი წოწკოლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]