„ერთი ვცადოთ და სხვანაირად ვუყუროთ ამ საქმეს. ვის აწყობს პოლიციის და ყველა სახელმწიფო უწყების (არაფერი რომ არ ვთქვათ ეკლესიაზე) ავტორიტეტის შელახვა. პოლიციაში და სხვაგან ნაციონალები თავიანთ ბოლო სვლებს რომ ახორციელებენ ეს ვიცით, ძალოვან სტრუქტურებში რომ ზოგი კიდევ მიყვება სხვა გეგმებს და ინსტრუქციებს ესეც უცნობი არაა. ამას უნდა მართლაც გამოძიება, ფაქტების დადება და ამ საბოტაჟურ ქმედებების ერთხელ და სამუდამოდ ამოფრქვევა. ნარკოპოლიტიკა და ლიბერალიზაცია სხვა საკითხია, ამ ცალკე ფაქტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული და დამოუკიდებლად ამ აჟიოტაჟისა მიღებული უნდა იქნას ჩვენ ქვეყნისთვის სათანადო გადაწყვეტილება. ამ ახალ აგორებულ „სკანდალზე“ არ უნდა დავიწყოთ უადგილო თვითკრიტიკა: არანაირი ცენზურა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს 5 წელია, სიტყვის და აზრის გამოთქმის გამო არავინ დაჭერილა ან დაჩაგრულა. აქ სხვა პოლიტიკური თამაშია და არც ახალგაზრდების თავისუფალი შემოქმედება (?!) არც ნარკოპოლიტიკის პარამეტრები არაფერ შუაშია!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს იუმორისტულ-სატირული ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ წევრები მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (Kay G). შსს-ს მიერ 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეპერები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე არიან დაკავებულები. თავად რეპერები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი დაკავების მიზეზი მუსიკალური ვიდეოა, სადაც რეპერებმა პოლიციელი გააშარჟეს. მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ მას ეკუთვნოდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
10 ივნისს, საღამოს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა დაკავებული რეპერების პატიმრობიდან გათავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით.