„ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ერის ინტერესშია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რა იქნება შემდგომში ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენთვის მნიშნელოვანია საზოგადოების დიდი ნაწილის აზრი, ჩვენი დედა ეკლესიის აზრი, აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იქნება“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მისი მხოლოდ ის ნაწილი განიხილება, რომელიც მარიხუანას მოხმარების რეგულირებას ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.
„დღეს საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. არის კონკრეტული ეკონომიკური გათვლები, რომელიც არ არის დაკავშირებული ნარკოტიკებთან, დაკავშირებულია მცენარე კანაფთან, მის სამედიცინო თვისებებთან და კოსმეტიკური მიმართულებით გამოყენებასთან. ეკონომიკური ეფექტი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ კანონპროექტის მიღება შეიძლება იყოს ნამდვილად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან. კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, ეს საქმიანობა კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს, რადგან მისი გაკონტროლება შეუძლებელი იქნება. ქადაგებისას პატრიარქმა ნარკომანიის გავრცელების საფრთხეზეც მიუთითა.