პეტიციის ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ღიად და დაუფარავად ატარებს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, რომელიც ვნებს ქვეყნის დეკლარირებულ დასავლურ კურსს და ღირებულებებს.
„მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ავრცელებდა და ავრცელებს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, კერძოდ კრემლის ნარატივს და გზავნილებს, ვერ შეასრულებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრ პასუხისმგებლობას და ვერ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და განვითარების გარანტი“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც 5 დღის წინ გამოქვეყნდა.
საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. პოლიტსაბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გახდეს საქართველოს ისტორიაში პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი“.