დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი უკლებას მიერ Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტები გახდა, სადაც ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და მის ამომრჩევლებს აგინებს.
„ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, სხდომათა დარბაზში, გიორგი უკლებას „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმედა საღინაძე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა. ჩხუბში უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილიც ჩაერთვნენ.
„რამდენი ითქვა, თუ დაიწერა სალომე ზურაბიშვილზე და მეც ვიტყვი მასზე ორ სიტყვას: სალომე ზურაბიშვილს მო...ან ამომრჩეველი“, - წერდა 10 სექტემბერს გიორგი უკლება.
უკლება მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რადგან ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან. მისივე თქმით, მასზე თავდასხმის მიზეზი არა ზურაბიშვილზე დაწერილი პოსტი, არამედ ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიმართ მისი კრიტიკული დამოკიდებულება გახდა.