ფორუმის თემაა „ქალები გლობალური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის“. მის გახსნას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც დაესწრო. ორგანიზატორების ინფორმაციით, მომხსენებლებს შორის არიან ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ლილიან მორი პასკიე, საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტი გაბრიელა კუევას ბარონი და სხვები.
ფორუმში ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ქალებიც მონაწილეობენ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, მან ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით კომენტარი „საპარლამენტო გაზეთთან“ გააკეთა. ბურჯანაძის თქმით, არაფორმალური შეხვედრები პოლიტიკოსებს შეთანხმების მიღწევის საშუალებას აძლევს.
„პირადი კომუნიკაციის დროს, შესაძლებელია გულწრფელად განიხილო არსებული პრობლემები და გამოსავალი იპოვო. რასაკვირველია, ყოველთვის არ ღირს, ყველაფერი ბოლომდე თქვა, რადგან სამედიცინო საიდუმლოს მსგავსად, პოლიტიკური საიდუმლოც არსებობს, მაგრამ ტყუილის თქმა საჭირო არ არის. მაშინ პრობლემებიც ნაკლები იქნება“, - ციტირებს გამოცემა ბურჯანაძის კომენტარს.
მისივე თქმით, ის პირველ ევრაზიულ ქალთა ფორუმსაც ესწრებოდა, რომელიც სამი წლის წინ, 2015 წელს ასევე სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა. ნინო ბურჯანაძე ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვიენკოს ამ იდეის განხორციელებისთვის მადლობას უხდის.