წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ემიგრანტების საკითხს“ მიხედავს. მან რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„თუ ამირჩევთ, ვიქნები ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ორიენტირებულია შედეგის დადებაზე. არის ადგილები, მაგალითად, მესტიასა და ყაზბეგში, სადაც ტურიზმის განვითარებამ ახალგაზრდები რეგიონში დააბრუნა და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბიზნესპროგრამებით. იმედი მაქვს, სხვა რეგიონებშიც მალე იგივეს ვიხილავთ. ჩვენთან, ყველა რეგიონშია შესაძლებელი, იპოვო რაღაც ნიშა, რომელიც ტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს. როცა იცი, კონკრეტულად რომელ რეგიონში რა სახის ტურიზმია მომგებიანი, უფრო ადვილია ინვესტორის მოძიება და დაინტერესება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო სასახლეში მჯდომი პრეზიდენტი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სასახლეზე იქნება საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.