გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ პროცესებში მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას და მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სასულიერო პირების პოზიციას.
კითხვაზე - როგორ შეაფასებდა პოლიტიკურ პროცესში ეკლესიის ფორმალურ მონაწილეობას, ჯაფარიძემ თქვა: „ეკლესიას საკმარისად მეტი პოლიტიკური ძალაუფლება აქვს მინიჭებული ერთი იმ საკონსტიტუციო ჩანაწერით, მეორე კონკორდატით და კონკორდატიდან გამომდინარე პრივილეგიებით, მათ შორის, საგადასახადო პრივილეგიები, საბიუჯეტო დაფინანსება, გადაცემული ქონებები და ა.შ.. ეს საკმარისზე მეტია და არამგონია, მათი პოლიტიკური ძალაუფლების გამყარება საერთოდ ვინმეს ინტერესში იყოს. პირიქით, რაც აქვთ, ის პრივილეგიებიც ჩასახსნელი და ჩამოსართმევია.
სინამდვილეში იმაზე კი არ უნდა იყოს საუბარი, რომ მათი პოლიტიკური ძალაუფლება კიდევ უფრო გამყარდეს, არამედ იმაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ ამ პოლიტტიკური ძალაუფლების წყარო რაც არის, ის წყარობიც შეიკვეცოს.
ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომელიც შეიძლება არსებობდეს სეკულარულ სახელმწიფოში“.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ მარიხუანას საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია საზოგადოებასა და ახალგარზდებზე გულწრფელი ზრუნვითაა გამოწვეული. ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ამ თემაში ეკლესიამ დაინახა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების რეაბილიტაციის შანსი, მას შემდეგ, რაც „ციანიდის საქმემ“ მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეარყია.
„ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს არის ის თემა, რაშიც შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი აიყოლიონ თუ მათ სენტიმენტებზე დაჯდებიან. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ ეკლესია ხალხზე ზრუნავს. თუ გულწრფელები ვიქნებით, ახალგაზრდებზე ზრუნვა პირველ რიგში იმაში უნდა გამოიხატოს რომ ახალგაზრდობას დაცვა სჭირდება სწორედ ამ ტიპის ეკლესიისგან, მათი ოჯახებისგან და ამ ტიპის განათლების სისტემისგან.
ჩემი აზრით, ეს არის ის სამი ინსტიტუტი, რომელიც ახალგაზრდობას აზროვნების უნარს უკარგავს და მათ ზომბებად ზრდის მას“, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.
მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.