weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როგორ შეიძლება პრეზიდენტობა გინდოდეს როცა მოყოლით იცი რა არის ქართველობა - ბურჭულაძე

10:15 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

„როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტობა გინდოდეს, როცა მოყოლით იცი, რა არის ქართველობა. არ ხარ დაბადებული, არ ხარ გაზრდილი, სოფელში არ ხარ ნამყოფი. არ იცი, რითი სუნთქავს საქართველო და შენ გინდა საქართველოს პრეზიდენტობა? დასცინი ამდენ ხალხს“, - განაცხადა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილმა თავმჯდომარემ პაატა ბურჭულაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ.

პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „არჩევანი“ აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც მან „სახელმწიფო ხალხისთვის“ დააფუძნა, სალომე ზურაბიშვილმა შეუთვალა, რომ მის პარტიაში ყოფნა სურდა, რაზეც პირდაპირ უარი მიიღო. გადაცემაში სალომე ზურაბიშვილის მიერ 2015 წელს გაკეთებული განცხადებებიც გაიხსენეს. მაშინ ზურაბიშვილი პაატა ბურჭულაძეს და მის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ აკრიტიკებდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ფონდი „სრული კარტბლანშით სარგებლობდა და მონოპოლია ჰქონდა“. ზურაბიშვილი ამბობდა, რომ „იავნანაში“ შესაძლოა ფულის გათეთრებაც ხდებოდა.

„ძნელია სერიოზულად ილაპარაკო ამ ქალბატონზე. სანამ პარტიას შევქმნიდი, ის პიროვნულად ჩემზე Facebook-ზე განცხადებებს ავრცელებდა და უნდოდა, რომ მეპასუხა. „იავნანას“ აკრიტიკებდა.

გავიდა დრო და როგორც კი პარტიის რეიტინგმა აიწია, ხალხი მომიგზავნა - თქვენთან პარტიაში მინდა ყოფნაო. დიდი მადლობა გადავუხადეთ - არ გვჭირდება-მეთქი.

ამის შემდეგ მე მის კომენტარებს ყურადღებას აღარ მივაქცევ, იმიტომ, რომ როცა დასჭირდება გადათქვამს და სხვას იტყვის, რაც არაერთხელ გააკეთა უკვე. მან გადათქვა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია. მე რომ მას ოდნავ მაინც სერიოზულად აღვიქვამდე, ერთხელ მაინც ვუპასუხებდი. ჯერ ერთი, ქართულად ვერ გაგაგებინებს, რა უნდა; თუ ვინმე არ დაუჯდა გვერდში და არ დაუწერა, ალბათ, ვერ იტყვის ქართულად ვერაფერს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. ერთი წლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმეზე გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]