ირაკლი კობახიძის თქმით, კანაფის მოყვანა-ექსპორტით საზოგადოებას ზიანი არ მიადგება და სარგებელი კი არის ის, რომ მილიარდი დოლარით გაიზრდება ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალიან დიდი შეღავათია.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველი, ნარკოტიკებს არ ვაწარმოებთ; მეორე - საფრთხე ამის გადინების არ არის. ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კარგი გამოცდილება - ისრაელი, საბერძნეთი, რომელიც მართლმადიდებელი ქვეყანაა, დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ - ძალიან მარტივად ხდება იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არცერთი გრამი მარიხუანა არ გადის გარეთ. არაპირდაპირი საფრთხე არ არსებობს. მესამე - რაც შეეხება ეფექტს, ძალიან წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებშიც, სიღარიბის აღმოფხვრას რვა-ათი წელი სჭირდება.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რა არის, რომ - თუ რაღაც იძლევა საშუალებას, რომ ათი წლის მაგივრად, ეს მაგალითად რვა წელიწადში, შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება?
იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას არანაირი ზიანაც არ ადგება?! როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი, მივიღებთ ამ კანონს თუ არა, გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ
ნარკოტიკების წარმოება აზრდაც არ გაგვივლია, არაპირდაპირი საფრთხე არ არსებობს და ეს მილიარდი არავის ჯიბეში არ მიდის. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო მიიღებს ამხელა სარგებელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელის მიხედვითაც, სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად მარიხუანას კულტივაცია ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის გამო პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეაჩერა. 23 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიონ და არ მიიღონ: „ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული“.