weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

მაჩალიკაშვილის შემთხვევაში კონტრტერორისტული ოპერაცია იყო – გოგიჩაიშვილი

10:29 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

„მაჩალიკაშვილის შემთხვევაში იყო კონტრტერორისტული ოპერაცია და ვთქვათ, იმ ადამიანების დაკავების, ბრალეულობის ფაქტები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა არც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაში გვეხმარებიან“, განაცხადა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „პოლიტმეტრი“.

ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ მისი კითხვა ეხებოდა არა ჩატაევის ანტიტერორისტულ ოპერაციას, არამედ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას და მის ოჯახს, რომელმაც პასუხი ვერ მიიღო.

„ეს სპეკულაციაა. ეს არ არის კითხვა. ხო გეუბნებით, ეს არის სპეკულაცია ემოციებით და ემოციის ნაწილში, შეფასებაში ვერ შევალ. როგორ გითხრათ, კარგი იქნებოდა... კარგი კი არა, საუკეთესო იქნებოდა ეს ადამიანი ყოფილიყო ცოცხალი. ჩემგან რა პასუხს ელით, ეს მაინტერესებს“, – უპასუხა დეპუტატმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირზე აქციას მართავენ. ისინი მათი შვილების მკვლელობის საქმეების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ოთხი პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 9 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]