weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მივმართავ რუსეთს, გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან – მამუკა ბახტაძე

01:07 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

„მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

მამუკა ბახტაძემ სესიის მონაწილეების წინაშე ქართულ ენაზე ისაუბრა და თავისი გამოსვლა რუსული ოკუპაციის თემით დაიწყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, საქართველოს ისტორიაში უმძიმესი თარიღია.

„25 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისთვის. ათი წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10% დღემდე დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა უმძიმესი და საგანგაშოა. პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია შეაფასა როგორც უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა.

„მიმდინარეობს ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია, სულ უფრო მწვავე სახეს იღებს მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება.

ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 4-ჯერ, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს.

გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული.

სწორედ ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები. ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ოკუპაციამ და კანონიერების უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, სულ მცირე ინციდენტიც კი შეიძლება გადაიზარდოს უკონტროლო პროცესში. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე.

რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ხოლო ჩვენ ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და უფრო მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას. შესაბამისად, მივმართავ რუსეთის ფედერაციას: შეასრულეთ ნაკისრი, ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - აღნიშნა მან.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

„ამ ინიციატივის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის. ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს: საქართველოს თითოეული წარმატება თქვენი წარმატებაა! ჩვენ საუკუნოვანი საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს, რომელიც საფუძვლად უნდა დავუდოთ ჩვენს მომავალს, რაც, დარწმუნებული ვარ, მოგვიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას. თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველომ შექმნა - იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა თუ სხვა. მინდა მივმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს: ჩვენ ერთად, ერთობლივი მონდომებით უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ჩვენ ჩვენი მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია“, - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, ნუ უშლის ხელს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების საშუალება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]