weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში – სალომე ზურაბიშვილი

11:22 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

„შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მათთან დებატებში მონაწილეობას მივიღებ ნეიტრალურ სივრცეში, რათა დავაფიქსირო ჩემი სიმართლე, ჩემი პოზიციები და ყველასთვის ნათელი მოვფინო იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ვითარდება როგორც არაცივილური, არაევროპული და არაღირსეული კამპანია.

„სიცრუე, სიყალბე, „შავი პიარი“, შეურაცხყოფა, ცილისწამება – ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი საარჩევნო კამპანიისთვის. სამწუხაროდ, ეს ლახავს ასევე საქართველოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ეს ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან მიმართებით, რაც წარმოადგენს ერთგვარ წითელ ხაზს. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში იმ შავი ძალის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან და არ ჩერდებიან. ბევრი ვიფიქრე და გამომდინარე იქიდან, რომ მე პატივს ვცემ საზოგადოებასა და ამომრჩევლებს, ასევე პატივს ვცემ საარჩევნო ვითარებას, ჩავთვალე, რომ უნდა გადავლახო ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მე გამაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ „შავი ძალის“ ორივე სახეს ვიწვევ დებატებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არ არის ნაციონალური მაუწყებელი, სადაც თანახმა არ იქნება ზურაბიშვილთან დებატებზე. დებატებში მონაწილეობის მზაობა გამოთქვა „ევროპულმა საქართველომაც“.

გიგა ბოკერიას განცხადებით, რაც უფრო მეტი ადამიანი ნახავს სალომე ზურაბიშვილის და დავით ბაქრაძის დებატებს, მით უფრო მეტი მივა არჩევნებზე ოპოზიციის მხარდასაჭერად.

მოგვიანებით, „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ზურაბიშვილმა განმარტა, ვის გულისხმობდა „შავი ძალის“ ორ სახეში: „დასახელება არ დამჭირდა, ვინ იყო „შავი ძალის“ ორი სახე, რადგან ჩემი განცხადებიდან თხუთმეტი წუთიც არ გასულა, მათ თავიანთი თავი ამოიცნეს, გამოვიდნენ და თავად დააკონკრეტეს, გამოწვევას ვიღებთ და დებატებში მონაწილეობას ვიღებთო. მე ვიგულისხმე ერთი შავი ძალის ორი სახე და არა ორი სხვადასხვა ძალა. სამწუხაროდ, ეს ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ რაღაც ფორმით, მგონი, იმ ბრძოლის ლოგიკურ დასასრულამდე მივდივართ, რომელიც იპოდრომზე ქაჯების სახელით დაიწყო“.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]