weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სარალიძე და მაჩალიკაშვილი გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე მივიდნენ

23:09 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ფილარმონიაში იმყოფებოდნენ, სადაც ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თბილისის მცხოვრებლებს შეხვდა. სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა შეკრებილ ხალხს მოუწოდეს, ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანდნენ.

პანკისის ხეობაში სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის და ზაზა სარალიძე სამართალს ვერ პოულობენ.

„რვა თვეა ქუჩაში ვართ მშივრები, მწყურვალები. ეს არაფერია, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ. რა დროც იქნება საჭირო, იმდენი ხანი გავუძლებთ, არაფერი შეგვაშინებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ სისხლიანმა რეჟიმმა პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილია პირადად ჩემს მიმართ, პანკისის ხეობის მიმართ. ვითომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მოიტანა ქისტებში სისხლი და სიკვდილი. ჩვენ ამას არასდროს არავის ვაპატიებთ, ყველამ სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი. მე ვფიქრობდი ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდებოდა ქართული სულის, გულის და მეტყოდა რაიმეს თუნდაც დასამშვიდებლად. ესენი პირიქით, ხაინდრავასნაირებს ალაპარაკებენ ჩემზე და თემირლანზე. თემირლანი ტერორისტი არ ყოფილა. მე ტერორისტი შვილი არ გამიზრდია.

ქართველი ხალხის იმედი მაქვს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დაისჯება ყვე ის ადამიანი, ვისაც სისხლში ხელი აქვს გასვრილი. მე ასეთი ხელისუფლება არ მინდა და ბევრი ადამიანია, ვისაც ასეთი სისხლიანი ხელისუფლება არ უნდა. ძალა ერთობაშია, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„ამ 9 თვის განმავლობაში ერთი და იგივე მესმოდა ფაქტობრივად მთელი ხელისუფლებისგან, რომ მკვლელი ვერ დგინდება. რას ქვია ვერ დგინდება. როგორც ვხედავ, ხელისუფლებას რაღაცაში ეჭვი ეპარება. პირდაპირ ვთავაზობ ხელისუფლებას, წამოვიდეს ჩემთან ერთად, ამოვთხრი ჩემს შვილს, ნახონ და იქნებ დაადგინონ, მკვდარია თუ არა. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავჩაღუნულნი გვისამძიმრებდნენ, პირიქით, წიხლს გვაჭერენ, გვდევნიან, ტერორისტებად გვრაცხავენ და ათას სიბინძურეში გვსვრიან. რატომ? იმიტომ რომ ფული აქვთ აღებული. ძალიან ბევრი რამ ვიცი ჩემი შვილის საქმეში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რა თანხები აიღეს. მათ ივაჭრეს ჩვენი შვილების სულებით და მე ამის საშუალებას არ მივცემ.

ჩენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ჩვენი შვილების მკვლელები კანონის წინაშე არ წარსდგებიან და კანონის ძალით არ დაისჯებიან.

ვიბრძოლებთ ჩვენი მოკლული შვილების სულების სიწმინდის აღსადგენად და ჩვენი ცოცხალი შვილების მომავლის გასამაგრებლად. ერთად უნდა ვიდგეთ, რომ ეს მკვლელი ხელისუფლება დავამარცხოთ. ჩვენ არ გვყავს მოსაკლავი შვილები“, - აღნიშნა ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.

სარალიძემ ვაშაძის მხარდამჭერებს მოუწოდა რუსთაველზე მათ საპროტესტო აქციას შეურთდნენ. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილთან ერთად ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან და ყველა იმ ადამიანთან მივა, „ვინც ანთებულია იმისთვის, რომ საქართველოში სიმშვიდემ და სამართლიანობამ დაისადგუროს“.  

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 10 სექტემბრიდან განაახლეს. 26 სექტემბერს მათ ყველა პოლიტიკურ პარტიას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და აქციაზე მიიწვიეს, თუმცა პარლამენტის შენობის წინ მხოლოდ „ახალი საქართველოს“ ლიდერი და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე მივიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]