„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მეგი გოცირიძემ ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს „ორლარიანი და ერთუჯრედიანი გამყიდველი“ უწოდა.
„თქვენი ინტელექტი საერთოდ ნულია. თქვენ გაქვთ ერთუჯრედიანი ინტელექტი. ქვეყნის გამყიდველი ხართ. ორლარიანი გამყიდველები ხართ“, – მიმართა მეგი გოცირიძემ ფოფხაძეს.
გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც „ქართული ოცნების“ ოპონენტების გაღიზიანებას იწვევს.
„ეს ქალბატონი რაიონიდან რაიონში დაგვყვება. პოლიტიკური კულტურა უნდა გვქონდეს. მგონია, რომ ვუჭერ მხარს ღირსეულ ადამიანს ღირსეული ბიოგრაფით და ფასეულობებით. არავისზე ცუდის ლაპარაკს არ ვაპირებ. მხარს ვუჭერ იმას, ვინც ნამდვილად ღირსია მხარდაჭერის“, – განაცხადა ფოფხაძემ.
2 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში შეხვდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სამუშაო საათებში ჩატარებულ შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატები, რეგიონის გუბერნატორი და მისი მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და წევრები ესწრებოდნენ.