weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზურაბიშვილი ჯავახელ სომხებს: სააკაშვილმა მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, თქვენ - არა

15:18 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

„ერთმა პრეზიდენტმა, რომლის წარმომადგენელიც დღეს ჩემი ოპონენტია, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე საუბრისას მსგავსი შინაარსის თურქოფობიური განცხადება ზურაბიშვილმა ახალქალაქშიც გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობას ურიგებდა თურქებს, რომლებსაც საქართველოსთან კავშირი არ ჰქონდათ.

„წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი [არვიცი სომხურად თუ არის ეს სიტყვა], ის მოქალაქეობას ურიგებდა თურქებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ მანამდე საქართველოსთან არანაირად არ იყვნენ დაკავშირებული.

ახლანდელი პრეზიდენტი ხშირად უარს ამბობს და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ზურაბიშვილმა მხარდაჭერებს უთხრა, რომ საქართველოს კონსტიტუციასა და „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ორმაგი მოქალაქეობის მიღების უფლება ექნებათ.

„უკვე დღეიდან შეგიძლიათ შეიტანოთ მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადება. ერთი „მაგრამ“ არის - იმისთვის, რომ აღიდგინოს საქართველოს მოქალქეობა, ადამიანს ელემენტარული ქართული უნდა ჰქონდეს და ისტორიის ელემენტარული ცოდნა. სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს, რომ სახელმწიფო ენა თქვენამდე მოიტანონ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის ტოლერანტი და „თანასწორობის პრეზიდენტი“ იქნება.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 45 070 ახალქალაქში და 24 491 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. რეგიონის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ანუ 81 089 ადამიანი ეთნიკური სომეხია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]