რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ნიკა გვარმიამ დაწერა, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, საზოგადოებამ უკიდურესად უნდა შეავიწროვოს და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან გააძევოს.
დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გვარამიას ამ განცხადებას „ფაშისტური“ და „ისტერიული“ უწოდა.
„ეს ისტერიული განცხადება უსათუოდ უკავშირდება კანდიდატების არსებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს, ხოლო ნიკა გვარამიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს.
ეს განცხადება არის ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება, რომელიც გასული ექვსი წლის მანძილზე არაერთგზის მწარედ დამარცხდა ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების და სიმართლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ნიკა გვარამიას შეიძლება მართლაც აქვს იმის იმედი, რომ მის განცხადებებს რაიმე გავლენა ექნება საზოგადოების პოზიციაზე. თუმცა, საპირისპიროს ადასტურებს ხალხის და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების ფართო ჩართულობა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოება რამდენიმე დღე ელოდა მათ მკვეთრ პოზიციას, თუმცა, გამოხმაურება არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან არ ყოფილა.
„მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, მიხეილ ბენიძემ ნიკა გვარამიას დაცვაც კი იკადრა (ანუ უკადრებელი იკადრა), რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში. პერსონალიები, რომლებიც ზოგიერთ ორგანიზაციას სათავეში უდგანან, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებულობის, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობის გამო აზიანებენ თავად ამ იდეას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება შეშფოთებულია იმით, რომ „ზოგიერთი პოლიტიზირებული პერსონის გამო, ზიანდება თავად იდეა და არასამთავრობო სექტორის როლი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რაც დაუშვებელია“.
„გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ - ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შორისაც არიან. ქართული ფაშიზმი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ის მომავალში ვეღარ გაიდგამს ფესვებს. 28 ოქტომბერს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავცეთ საკადრისი პასუხი „ნაციონალური მოძრაობის“ ისტერიულ და უნიათო ფაშიზმს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.