გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი თანხა ჩაიდოს განათლებაში, ჯანდაცვასა და თავდაცვაში, რადგან მისი თქმით, ეს ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.
„იაკობ გოგებაშვილის სამშობლოში ვართ. იმას ესმოდა, რომ პატარა ქართველის განათლება არის მისი კეთილდღეობის საწინდარი და გარანტია. ერთად გავაკეთოთ, ხალხო, რომ ჩვენი უნივერსიტეტები და სკოლები იყოს ავტონომიური და მარტო ჰქონდეთ ორიენტირი იმისა, რითი უნდა მიიყვანონ მოწაფე ეროვნულ გამოცდებამდე; რომ გამოვიმუშაოთ შეფასების ისეთი კრიტერიუმები, რომელიც საშუალებას მისცემს მშობელს თავისი შვილი და ვაუჩერი მიიტანოს იმ სკოლაში რომელიც ლიდერი იქნება. ამას იმ წამსვე გავაკეთებ.
დაველაპარაკოთ ჩვენი მოკავშირეების საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოებს, რომ ჩვენთან სკოლებში პირველივე კლასიდან დაიწყოს სწავლება ჩვენთვის იშვიათი აღმოსავლური ენების, როგორიც არის იაპონური, ჩინური, ჰინდი, არაბული, რაც ბავშვისთვის სამუდამო დასაქმების გარანტია იქნება.
აუცილებლად დავაწყებინოთ ბავშვს პირველი კლასიდან ყველაზე უნივერსალური ენის - პროგრამირებაის შესწავლა, რომელიც ინტერნეტის, კომპიუტერის, ყველაფრის საფუძველია და მთელი ბიზნესი იქ გადადის დღეს.
21-ე საუკუნეში ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, ქართველი დარჩება მაჩანჩალად, ჩვენ არ გავუჩენივართ ღმერთს იმისათვის რომ ვიყოთ მაჩანჩალები. ჩვენ ლიდერი ქვეყანა ვიყავით და აუცილებლად ვიქნებით ისევ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე ამომრჩეველს პირდება, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი გახდება.
„მასწავლებელი იგებს ყველა ომს - ბისმარკმა თქვა. თუ განათლებული არ არის ჯარისკაცი, თუ პატრიოტად არ არის აღზრდილი ვერასოდეს გახდება ნამდვილი სამხედრო მოსამსახურე. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ყოველ წელს 100-200 ბავშვი უნდა გავაგზავნოთ დასავლურ უნივერსიტეტებში. დაახლოებით 28 ათასმა ბავშვმა, რომელიც ყოველ წელს ეწყობა უნივერსიტეტში, რა დააშავა? ჩვენ ასე არ უნდა გავაკეთოთ. აქ უნდა ჩამოვიყვანოთ პროფესორ-მასწავლებლები და ვიყიდოთ ყველაზე წარმატებული დასავლური პროგრამები ჩვენი უნივერსიტეტებისთვის“, - აღნიშნა ვაშაძემ.