ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ არის მოღალატე, ის პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„ნიკო ნიკოლაძე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოზე ოცნებობდა, დაუშვებდა იმას, რომ 1990 წლიდან 2003 წლამდე, როდესაც ქვეყანა იღუპებოდა, როდესაც სანთლით საძებარი იყო დიპლომატიც, სახელმწიფოს მცოდნეც და ა.შ., 2003 წელს ჩამობრძანდა ქალბატონი სალომე საქართველოში, უცხო ქვეყნის ელჩად საკუთარ ქვეყანაში. ანუ, როცა მინისტრობას შესთავაზებ და პრეზიდენტობის საშუალება გაჩნდება, მაშინაა კარგი ეს ამბავი? სალომე ზურაბიშვილი არ არის მოღალატე, ის არის შეუფერებელი ამ საქმისთვის“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე უარესია.
„ის თავის თავს კი არა, პრაქტიკულად, სააკაშვილს გვთავაზობს პრეზიდენტობის კანდიდატად და მის ჩამოყვანას აპირებს - შევიწყალებო, მოქალაქეობას მივცემო.
ყველა, ვინც ლაპარაკობს იმაზე, რომ სააკაშვილს აღუდგენს საქართველოს მოქალაქეობას, ასეთი ადამიანების არათუ პრეზიდენტად, საერთოდ საჯარო სამსახურში ყოფნა სახიფათოა ქვეყნისთვის.
ყველა ვინც ამბობს, რომ სააკაშვილმა თვითონ კი არ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, არამედ მარგველაშვილმა წაართვაო, ან სუპერ უვიცები არიან, ან სუპერ უნამუსოები. იმიტომ, რომ ის წავიდა უკრაინის სამსახურში, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ზუსტად იცოდა, რომ ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას“, – აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი.
დავით უსუფაშვილმა განმარტა, რა უპირატესობები აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით და რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა.
„მე, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტად დავით უსუფაშვილი იქნებოდა სწორი არჩევანი.
განათლებით სახელმწიფოს და სამართლის მცოდნე ვარ; მეორე დიპლომით ვარ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი. 30 წელია სახელმწიფოს სამსახურში ვარ. პირველ არჩევნებზე, რომელიც, სხვათა შორის 28 ოქტომბერს ჩატარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ვიყავი და ამ პროცესში ვმონაწილეობდი. ოთხივე პრეზიდენტთან მქონდა ძალიან საქმიანი და ახლო ურთიერთობა. პრეზიდენტ გამსახურდიას დავალებით რეფერენდუმის ჩასატარებლად და მოლაპარაკებებზე აფხაზეთში დავდიოდი 90 წელს; სამი წელი მეორე პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი, მეოთხე პრეზიდენტის კი, ფაქტობრივად, ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი იმიტომ, რომ ყოველ წუთს აქ უნდა ვყოფილიყავი მისი მოვალეობის შესასრულებლად. დიახ, მე მაქვს ეს გამოცდილება და ჩემი საქმიანობის ყოველი დღე დაკავშირებული იყო საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ქართულ სახელმწიფოებრიობასთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.