weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საქართველო-ნატოს სწავლებას რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს – კარასინი

11:37 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

„საქართველოსა და ნატოს ერთობლივი სწავლების მომზადების დროს რუსეთი მიიღებს ყველა აუცილებელ ზომებს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სააგენტო „ტასს“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“, რომელიც 2019 წლის მარტში გაიმართება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან დაახლოებასა და თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

„ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ამ მასშტაბურ სწავლებაზე, რადგან ეს მანევრები ჩვენ საზღვრებთან იმართება. ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ყველა ზომას საქართველო-ნატოს ერთობლივი სწავლების მომზადების დროს“, – აღნიშნა კარასინმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა „ავანტიურისტ და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს“ აქეზებს: „2008 წელს სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურება გახდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხრეთ ოსეთისადმი აგრესიის პრელუდია. არ გვინდა, რომ ეს განმეორდეს“.

გრიგორი კარასინმა საქართველოს მიერ შემუშავებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ სასანქციო სიამ შეიძლება, შეუშალოს ხელი ამიერკავკასიაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას.

„საქართველოს პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რაც „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სიის შექმნას გულისხმობს და რომელშიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოხვდნენ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი არ მუშაობს. ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს [გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან] საკმაოდ შემაშფოთებელი შთაბეჭდილება შეექმნათ, იმიტომ, რომ ქართული მხარის ასეთმა სიჯიუტემ შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობას. იყო მოწოდებები, მათ შორის ჩვენი მხრიდანაც, თანათავმჯდომარეების მიმართ, რომ ხელი შეუწყონ კომპრომისული გზების ძიებას მისი მუშაობის აღსადგენად. ისინი დაგვპირდნენ, რომ ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ“, – განაცხადა კარასინმა.

ჟენევის მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით იმართება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები. 9 და 10 ოქტომბერს მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი შედგა, მორიგი რაუნდი კი 11-12 დეკემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]