weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UEFA ერთა ლიგა: გმირები, სიურპრიზები და იმედგაცრუებები

17:05 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

UEFA-ს ახალი სანაკრებო ტურნირის, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია, რომელსაც თან ახლდა ფეხბურთისადმი ჩვეული მოულოდნელობები, იმედგაცრუებები თუ სიურპრიზები. UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინს თუ დავუჯერებთ, ერთა ლიგა იმაზე საინტერესო გამოდგა, ვიდრე ამას მოელოდნენ.

დონეების მიხედვით ოთხ დივიზიონში განაწილებული 55 ევროპული ქვეყნის ნაკრების ქვეჯგუფებში თამაშმა მართლაც გამოიწვია საყოველთაო ინტერესი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც მოგვცა. მთავარი ამბავი ისევ და ისევ ევრო 2020-ის საგზურების მოსაპოვებელი დამატებითი შანსია, რაც შედარებით სუსტ ევროპულ გუნდებს მიეცათ, მათ შორის - საქართველოს ნაკრებს.

და მაინც, რითი იყო გამორჩეული ერთა ლიგა, რა მოხდა საინტერესო და რითი გაამართლა, ამაზე მოკლედ ვისაუბრებთ.

A დივიზიონი

აქ ევროპის 12 უძლიერესი ნაკრები თამაშობდა, რომლებიც ოთხ ქვეჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ყველაზე ძლიერი I ჯგუფი იყო, სადაც ერთად მოხვდნენ გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია. რუსეთში მიღწეული ტრიუმფის შემდეგ ფრანგებმა ერთა ლიგაც კარგად დაიწყეს, გერმანია ისევ არ ჰგავდა თავის თავს, ჰოლანდია კი ჯერაც ეძებდა წარმატების ფორმულას. ყველაფერი კი ბოლო ტურებში სწორედ ჰოლანდიელთა მოულოდნელმა კარგმა ასპარეზობამ გადაწონა - რონალდ კუმანის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონი გუნდი დაამარცხა, უდიდესი ნახტომი გააკეთა და პლეი-ოფში სენსაციურად ამოყო თავი. გერმანიამ ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო, ფრანგები კი „ნარინჯისფერებს“ ურთიერთშეხვედრებითა და ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩნენ.

  1. ჰოლანდია - 7 ქულა, ბურთები 8:4
  2. საფრანგეთი - 7 ქულა, ბურთები 4:4
  3. გერმანია - 2 ქულა, ბურთები 2:7

II ჯგუფში ბელგიამ და შვეიცარიამ ისლანდია დაიბრიყვეს, გასარკვევი კი ერთმანეთში პირველი ადგილი ჰქონდათ. ფავორიტი ალბათ მაინც ბელგია იყო და ბოლო ტურის მატჩშიც, რომელიც ლუცერნში შედგა, ტორგან აზარის დუბლით ამარცხებდა კიდეც „ნეიტრალებს“, თუმცა მასპინძლებმა საოცარი ე.წ. Comeback შემოგვთავაზეს, ნაქები ბელგია ჰარის სეფეროვიჩის ჰეთ-თრიქის დახმარებით 5:2 დაამარცხეს და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

  1. შვეიცარია - 9 ქულა, ბურთები 14:5
  2. ბელგია - 9 ქულა, ბურთები 9:6
  3. ისლანდია - 0 ქულა, ბურთები 1:13

III ჯგუფში ყველაფერი თითქმის თავიდანვე ნათელი იყო. პოლონეთი დიდი ხანია უღიმღამოდ ასპარეზობს, იტალია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, პორტუგალიამ კი დაამტკიცა, რომ კრისტიანო რონალდოს გარეშეც ანგარიშგასაწევი ძალაა და ლიდერის გარეშე შეძლო ქვეჯგუფში გამარჯვება.

  1. პორტუგალია - 8 ქულა, ბურთები 5:3
  2. იტალია - 5 ქულა, ბურთები 2:2
  3. პოლონეთი - 2 ქულა, ბურთები 4:6

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები IV ჯგუფში, სადაც ესპანეთმა პირველ ორ ტურში თითქოს ყველა დაარწმუნა, რომ მუნდიალზე ცუდი გამოსვლა დროებითი ჩავარდნა იყო. ლუის ენრიკეს გუნდმა ჯერ „უემბლიზე“ დაამარცხა ინგლისის ნაკრები (2:1), შემდეგ კი შინ ხორვატიის ნაკრები გაანადგურა - 6:0, თუმცა ორ შთამბეჭდავ მოგებას ორი წაგება მოყვა - ჯერ შინ ინგლისთან 2:3, შემდეგ კი იგივე ანგარიშით დრამატული მარცხი ზაგრების „მაქსიმირზე“. გარეთ საუთგეიტის გუნდმაც დრო იხელთა, ბოლო ტურში „უემბლიზე“ დაძაბულ და ასევე დრამატულ შეხვედრაში ხორვატია 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში გააღწია.

  1. ინგლისი - 7 ქულა, ბურთები 6:5
  2. ესპანეთი - 6 ქულა, ბურთები 12:7
  3. ხორვატია - 4 ქულა, ბურთები 4:10

ამრიგად, ერთა ლიგის პირველი, ისტორიული გათამაშების მოსაგებად ჰოლანდია, შვეიცარია, პორტუგალია და ინგლისი იბრძოლებენ. A დივიზიონიდან B დივიზიონში კი გერმანია, ისლანდია, პოლონეთი და ხორვატია დაქვეითდნენ.

B დივიზიონი

რანგით მეორე ევროპულ ნაკრებებში I ჯგუფი ყველაზე სუსტი იყო. აქ სლოვაკეთმა ვერ ივარგა, სამაგიეროდ ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა უკრაინამ იყოჩაღა და პირველი ადგილი დაიკავა.

  1. უკრაინა - 9 ქულა, ბურთები 5:5
  2. ჩეხეთი - 6 ქულა, ბურთები 4:4
  3. სლოვაკეთი - 3 ქულა, ბურთები 5:5

II ჯგუფში რუსეთმა მუნდიალიდან გამოყოლილი ინერციით შეძლო უპირატესობის მოპოვება, თუმცა შვედეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მთავარი თვისება - ბოლომდე ბრძოლა პრინციპულ მატჩებში და სტანისლავ ჩერჩესოვის კრებულს A დივიზიონისა და პლეი-ოფის საგზური აართვა. თურქეთზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ მირჩა ლუჩესკუს ხელშიც არასტაბილური გუნდია.

  1. შვედეთი - 7 ქულა, ბურთები 5:3
  2. რუსეთი - 7 ქულა, ბურთები 4:3
  3. თურქეთი - 3 ქულა, ბურთები 4:7

III ჯგუფში ბოსნიამ იოლად დაჯაბნა ორივე მეტოქე და B დივიზიონის საუკეთესო შედეგი (10 ქულა) აჩვენა, ჩრდილოეთ ირლანდიამ კი ყველა შეხვედრა წააგო და დივიზიონის ყველაზე სუსტი გუნდის სახელი მოიხვეჭა.

  1. ბოსნია & ჰერცეგოვინა - 10 ქულა, ბურთები 5:1
  2. ავსტრია - 7 ქულა, ბურთები 3:2
  3. ჩრდილოეთ ირლანდია - 0 ქულა, ბურთები 2:7

IV ჯგუფი დანიამ მოიგო, რომელსაც პლეი-ოფის საგზურს უელსი ეცილებოდა, თუმცა რაიან გიგზის გუნდმა დანიელებთან ორივე მატჩში დათმო, სამაგიეროდ კი ირლანდიას სძლია ორივე შეხვედრაში.

  1. დანია - 8 ქულა, ბურთები 4:1
  2. უელსი - 6 ქულა, ბურთები 6:5
  3. ირლანდია - 2 ქულა, ბურთები 1:5

უკრაინა, შვედეთი, ბოსნია და დანია ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას A დივიზიონში შეხვდებიან, სლოვაკეთი, თურქეთი და ორივე ირლანდია კი სამომავლოდ C დივიზიონში გამოსვლით დაკმაყოფილდებიან.

C დივიზიონი

ყველაზე არაპროგნოზირებადი და კონკურენტუნარიანი დივიზიონი სწორედ ეს გამოდგა. მთავარი სასაუბრო თემა ფინეთის ნაკრების შესანიშნავი ასპარეზობაა, რომელმაც საბერძნეთისა და უნგრეთის ბარიერი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. დანარჩენ სამ ქვეჯგუფში გამარჯვებულის ვინაობა უკანასკნელ ტურში გაირკვა. ბოლო ხანს მოფერიანებულმა შოტლანდიამ სამგუნდიან I ჯგუფში იმარჯვა და ისრაელი მოიტოვა უკან. ალექს მაკლიშის გუნდმა ბოლო მატჩში გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე“ გულშემატკივრებს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა და „სელტიკელი“ ჯეიმს ფორესტის ჰეთ-თრიქით გატეხა კონკურენტი ისრაელი.

  1. შოტლანდია - 9 ქულა, ბურთები 10:4
  2. ისრაელი - 6 ქულა, ბურთები 6:5
  3. ალბანეთი - 3 ქულა, ბურთები 1:8

ხსენებულმა ფინეთმა II ჯგუფში ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი საბერძნეთთან მინიმალური მარცხის (0:1) მიუხედავად პირველი ადგილი ირგუნა და ბოლო ტურშიც წააგო ბუდაპეშტში, რადგან კონკურენტები ვეღარ ეწეოდნენ. ფინელებს „ნორვიჩ სიტის“ თავდამსხმელმა ტეემუ პუკიმ ულიდერა - გუნდმა პირველი სამი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშებით (1:0) სწორედ მისი სამი გოლით მოიგო.

  1. ფინეთი - 12 ქულა, ბურთები 5:3
  2. უნგრეთი - 10 ქულა, ბურთები 9:6
  3. საბერძნეთი - 9 ქულა, ბურთები 4:5
  4. ესტონეთი - 4 ქულა, ბურთები 4:8

ბოლო ტურში გაირკვა III ჯგუფიდან პლეი-ოფში გამსვლელის ვინაობაც. ბულგარეთმა გათამაშება კარგად დაიწყო და საწყისი სამი შეხვედრა მოიგო, შემდეგ კი გამარჯვება ვეღარ მოახერხა და პირველი ადგილი ლარს ლაგერბეკის გაწვრთნილ ნორვეგიას გადაულოცა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ სლოვენიის ნაკრების ძალიან სუსტი თამაში - ქვეჯგუფში განთესილმა გუნდმა ოთხეულში ბოლო ადგილი სამი ფრით დაიკავა. სხვა ჯგუფების მესამეადგილოსნებთან შედარებით ცუდი სტატისტიკის გამო ამავე ქვეჯგუფიდან დაქვეითდა მესამეადგილოსანი კვიპროსიც.

  1. ნორვეგია - 13 ქულა, ბურთები 7:2
  2. ბულგარეთი - 11 ქულა, ბურთები 7:5
  3. კვიპროსი - 5 ქულა, ბურთები 5:9
  4. სლოვენია - 3 ქულა, ბურთები 5:8

ასევე ბოლო ტურამდე მიმდინარეობდა ბრძოლა IV ჯგუფში, სადაც სერბეთი და რუმინეთი თავიდანვე გამოიკვეთნენ ფავორიტებად, მონტენეგრო კი მათთვის მხოლოდ ხელის შეშლას ცდილობდა. საბოლოოდ მლადენ კრსტაიჩის შეგირდებმა იმარჯვეს და ვლახებს მცირედით გაუსწრეს. აღსანიშნავია, ალექსანდარ მიტროვიჩის ასპარეზობა - „ფულემის“ ახმახმა ცენტრფორვარდმა 6 გოლი გაიტანა (ერთ მატჩში პენალტიც ვერ გამოიყენა) და ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა.

  1. სერბეთი - 14 ქულა, ბურთები 11:4
  2. რუმინეთი - 12 ქულა, ბურთები 8:3
  3. მონტენეგრო - 7 ქულა, ბურთები 7:6
  4. ლიეტუვა - 0 ქულა, ბურთები 3:16

შოტლანდია, ფინეთი, ნორვეგია და სერბეთი პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას, ესტონეთი, კვიპროსი, სლოვენია და ლიეტუვა კი ბოლო რანგის დივიზიონში აღმოჩნდნენ.

D დივიზიონი

ამ 16-გუნდიან ლიგაზე, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდიოდა, აქამდეც ბევრი დაიწერა. როგორც უკვე იცით, I ჯგუფი ჩვენი ქვეყნის პირველმა გუნდმა იოლად მოიგო და ამ დივიზიონში საუკეთესო სტატისტიკა აჩვენა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ანდორასთან ყაიმისას დაკარგეს ქულები, ქვეჯგუფის სხვა გუნდებიდან კი ერთადერთი გამარჯვება ყაზახეთმა შეძლო (ანდორასთან 4:0) - სხვა ყველა შეხვედრა სამმა მეტოქემ ერთმანეთში ფრეებით დაასრულა.

  1. საქართველო - 16 ქულა, ბურთები 12:2
  2. ყაზახეთი - 6 ქულა, ბურთები 8:7
  3. ლატვია - 4 ქულა, ბურთები 2:6
  4. ანდორა - 4 ქულა, ბურთები 2:9

II ჯგუფში სანატრელი საგზურისთვის ლუქსემბურგი თავგანწირვით იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ ბელარუსმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. საქართველოს მეტოქე ნახევარფინალურ პლეი-ოფში სწორედ იგორ კრიუშენკოს გუნდი იქნება.

  1. ბელარუსი - 14 ქულა, ბურთები 10:0
  2. ლუქსემბურგი - 10 ქულა, ბურთები 11:4
  3. მოლდოვა - 9 ქულა, ბურთები 4:5
  4. სან მარინო - 0 ქულა, ბურთები 0:16

III ჯგუფში აზერბაიჯანმა კოსოვოს კონკურენცია ვერ დაძლია, არადა გურბან გურბანოვის გუნდი ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა გასვლის შანსს. კოსოვოელებმა საკმაოდ კარგად ჩაატარეს ჯგუფური ეტაპი და დამსახურებულად მოხვდნენ პლეი-ოფში.

  1. კოსოვო - 14 ქულა, ბურთები 15:2
  2. აზერბაიჯანი - 9 ქულა, ბურთები 7:6
  3. ფარერის კუნძულები - 5 ქულა, ბურთები 5:10
  4. მალტა - 3 ქულა, ბურთები 5:14

IV ჯგუფში ამ დივიზიონის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი გუნდი, მაკედონიის ნაკრები გამოდიოდა, რომელიც მხოლოდ 1 მატჩში დამარცხდა (სომხეთში 0:4). იდეაში, ბალკანელებს ჩვენი მეზობელი სომხეთი უნდა შეცილებოდა პირველ ადგილს, თუმცა მხითარიანმა და კომპანიამ ვერ ივარგეს და ნახევარფინალურ პლეი-ოფშიც მაკედონია კოსოვოს დაუპირისპირდება.

  1. მაკედონია - 15 ქულა, ბურთები 14:5
  2. სომხეთი - 10 ქულა, 14:8
  3. გიბრალტარი - 6 ქულა, 5:15
  4. ლიხტენშტაინი - 4 ქულა, ბურთები 7:12

ამრიგად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტურნირი მართლაც სანახაობრივი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ეროვნული ნაკრებების ნაწილმა ევროპის 2020 წლის რეგულარული შესარჩევი ეტაპის წინ მოთელვა გაიარა, სხვა გუნდებმა კი თავგამოდებული ასპარეზობის წყალობით საერთაშორისო წარმატების მოპოვების შანსი გაიჩინეს. ერთა ლიგის პლეი-ოფები 2020 წლის მარტში გაიმართება, მანამდე კი 2019 წელს (მარტიდან ნოემბრამდე) ტრადიციული ფორმატის შესარჩევი ციკლი გაიმართება, რომლითაც ყველა გუნდი ასევე შეეცდება ევროპის პირველობის საგზურის მოპოვებას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]