A ჯგუფში მერვედფინალისტები უკვე გამოვლენილი არიან, შესაბამისად, „ატლეტიკოსა“ და „ბორუსიას“ მხოლოდ პირველ-მეორე ადგილები აქვთ გასაყოფი. მადრიდელები შინ წყალწაღებულ „მონაკოს“ დაუხვდნენ და იოლად იმარჯვეს, დორტმუნდელები კი მოულოდნელად შინ „ბრიუგეს“ უგოლოდ დაუზავდნენ და პირველი ადგილიც დიეგო სიმეონეს გუნდს დაუთმეს. ბოლო ტურში „ბორუსია“ სტუმრად ეთამაშება „მონაკოს“, „როხიბლანკო“ კი ბრიუგეში ჩავა.
მადრიდის ატლეტიკო - მონაკო 2:0
კოკე (2), გრიზმანი (24).
დორტმუნდის ბორუსია - ბრიუგე 0:0
B ჯგუფის ლიდერმა „ბარსელონამ“ გასვლაზეც დაამარცხა „პსვ ეინდჰოვენი“. ანგარიში მეორე ტაიმში ლიონელ მესიმ გახსნა და ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილი გოლებით კრისტიანო რონალდოს გადაუსწრო. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა კი ბევრ რამეს წყვეტდა. ლონდონის „ტოტენჰემმა“ შეძლო მილანის „ინტერის“ დამარცხება და მეორე ადგილიც აართვა კონკურენტ გუნდს, თუმცა ბოლო ტურში „დეზების“ მიზანს ის ართულებს, რომ „ბარსას“ სტუმრად ხვდებიან, „ნერიაძური“ კი შინ ჰოლანდიის ჩემპიონს უმასპინძლებს.
პსვ ეინდჰოვენი - ბარსელონა 1:2
0:1 მესი (61) 0:2 პიკე (70) 1:2 ლ. დე იონგი (83).
ტოტენჰემ ჰოტსპური - ინტერი 1:0
ერიკსენი (80).
სათამაშო დღის მთავარი მატჩი პარიზში შედგა. როგორც უკვე ვახსენეთ, „პარი სენ-ჟერმენმა“ პრინციპულ შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოიპოვა. თომას ტუხელის შეგირდებმა კარგად დაიწყეს და მბაპე-ნეიმარის შეტევების წყალობით სტუმრები დააბნიეს კიდეც. „პსჟ“ ორი ბურთით დაწინაურდა, თუმცა იურგენ კლოპის გუნდმა ტაიმის მიწურულს პენალტით სხვაობა შეამცირა. მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა, ამჯერად „ლივერპული“ თამაშობდა უკეთ, თუმცა ანგარიში მრავალი მცდელობის მიუხედავად, აღარ შეცვლილა. სხვათა შორის, ნეიმარი გატანილი გოლის წყალობით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის (31) გამტანი ბრაზილიელი გახდა. ამავე ქვეჯგუფის პარალელურად მიმდინარე მატჩი „ნაპოლიმ“ ადვილად მოუგო ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ და ბოლო ტურის წინ C ჯგუფში უაღრესად საინტერესო და დაძაბული ვითარებაც მივიღეთ. ბოლო შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი ალბათობით დაამარცხებს „ცრვენა ზვეზდას“ და მერვედფინალშიც გავა, აი „ლივერპულს“ კი პლეი-ოფში გასასვლელად საკუთარ მოედანზე ნეაპოლიტანელთა დამარცხება მართებს, კარლო ანჩელოტის გუნდს კი თავის მხრივ ინგლისში ყაიმიც აძლევს ხელს.
პარი სენ-ჟერმენი - ლივერპული 2:1
1:0 ბერნატი (13) 2:0 ნეიმარი (37) 2:1 მილნერი (45+1 პ.).
ნაპოლი - ცრვენა ზვეზდა 3:1
1:0 ჰამშიკი (11) 2:0 მერტენსი (33) 3:0 მერტენსი (52) 3:1 ბენ ნაბუჰანე (57).
ყველაზე სუსტ ქვეჯგუფად მიჩნეულ E ჯგუფში, სადაც პირველ კალათში მოსკოვის „ლოკომოტივი“ იყო განთესილი, რუსეთის ჩემპიონმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ადრე გამართულ შეხვედრაში საბა კვერკველია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მოსკოველმა „რკინიგზელებმა“ ამ გამარჯვებით „გალათასარაის“ მერვედფინალში გასვლის შანსი მოუსპეს, თვითონ კი ევროპა ლიგაზე გადართვის მცირე შესაძლებლობა გაუჩნდათ. მოგვიანებით გამართულ მატჩში კი, სადაც ორივე მონაწილეს უკვე ჰქონდა პლეი-ოფის საგზური, მასპინძელმა „პორტომ“ მეორე ტაიმში დაამარცხა გელზენკირხენის „შალკე 04“.
მოსკოვის ლოკომოტივი - გალათასარაი 2:0
დონკი (43 ს.კ.), იგნატიევი (54).
პორტო - შალკე 04 3:1
1:0 მილიტაო (52) 2:0 კორონა (55) 2:1 ბენტალები (89 პ.) 3:1 მარეგა (90+4).
ამავე თემაზე: