არგენტინული „სუპერკლასიკოს“ გადამწყვეტი შეხვედრის ნეიტრალურ სარბიელზე გამართვა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (CONMEBOL) გადაწყვიტა. „რივერ პლეიტსა“ და „ბოკა ხუნიორსს“ შორის გასამართი პრინციპული მატჩის თაობაზე მოლაპარაკებებში არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრიც იყო ჩართული.
სამხრეთ ამერიკული პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური მატჩის ბუენოს აირესიდან მადრიდში გადატანას უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის - დიეგო მარადონა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.
„ეშმაკმა დალახვროს! რა უნდა ვქნა, თუკი ჩემს ოჯახს ფინალის ნახვა სურს?! იცით, რა ღირს მადრიდში გადაფრენა? უბრალოდ, უსაფრთხოების ზომები უნდა გაეძლიერებინათ და ეთამაშათ იქ, სადაც დაგეგმილი იყო“, - განუცხადა მარადონამ არგენტინულ გამოცემა Ole-ს.
შეგახსენებთ, რომ „რივერ პლეიტის“ სტადიონზე 24 ნოემბერს გასამართი საპასუხო მატჩი „რივერ პლეიტის“ გულშემატკივართა მიერ მოწყობილი არეულობის გამო გადაიდო.
აქვე გეტყვით, რომ ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი მატჩი 10 ნოემბერს „ლა ბომბონერაზე“ შედგა და ფრედ 2:2 დასრულდა.