მოგეხსენებათ, ტურნირის ფინალური დაპირისპირების პირველი მატჩი „ბოკა ხუნიორსის“ სტადიონ „ლა ბომბონერაზე“ ფრედ 2:2 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი „რივერ პლეიტის“ გულშემატკივართა აგრესიული ქმედებების გამო გადაიდო და სტადიონ „მონუმენტალის“ ნაცვლად მადრიდში გაიმართა.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ანგარიში „ბოკას“ ცენტრფორვარდმა დარიო ბენედეტომ ტაიმის მიწურულს გახსნა, როდესაც პირისპირ დარჩა მეკარე ფრანკო არმანისთან. მეორე ნახევრის 68-ე წუთზე „რივერის“ თავდამსხმელმა ლუკას პრატომ წონასწორობა აღადგინა. ყაიმის შემდეგ დამატებითი ტაიმები დაინიშნა, სადაც „ბოკა ხუნიორსის“ კოლუმბიელმა შუახაზელმა ვილმარ ბარიოსმა ორი ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, მარსელო გალიარდოს გუნდმა კი კიდევ ორი გოლი გაიტანა და ყველაფერი დაასრულა - ჯერ შეცვლაზე შესულმა კოლუმბიის ნაკრების წევრმა ხუან კინტერომ გაისროლა ცაციით, მთელი ძალებით წინწასულ კაცნაკლულ მეტოქეს კი გონსალო მარტინესმა ცარიელ კარში გაუტანა და თასი „რივერ პლეიტს“ გაუფორმა.
„რივერ პლეიტმა“ ლიბერტადორესის თასი მეოთხედ მოიპოვა, აქამდე არგენტინულ კლუბს სამხრეთ ამერიკული ხსენებული ტურნირი 1986, 1996 და 2015 წლებში ჰქონდათ მოგებული.
ამ გამარჯვებით, „რივერ პლეიტი“ რამდენიმე დღეში გასამართ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, მომავალი წლის თებერვალ-მარტში კი სამხრეთ ამერიკის სუპერ თასზე „კოპა სუდამერიკანას“ გამარჯვებულ გუნდს შეხვდება.