weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

10:29 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რუსთაველის თეატრში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. წლის სპორტსმენის ტიტულის მფლობელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკოდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.

ახმეტელი ზვიად გოგოჭური წლის საუკეთესო პარასპორტსმენად აღიარეს

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი რეზი დავითაძეა - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსნობაში უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.

ნომინაციაში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში, გაიმარჯვა ლევან საგინაშვილმა. ქართველი მკლავჭიდელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

2018 წლის საუკეთესო მსაჯი ელისო ბედოშვილი გახდა - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მხატვრულ ტანვარჯიშში.

წლის საუკეთესო ფედერაციის წოდება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ დაიმსახურა 2018 წელს მოპოვებული განსაკუთრებული სპორტული შედეგებისთვის.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში.

2018 წლის საუკეთესო გუნდის წოდება მიენიჭა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს UEFA-ს ერთა ლიგაში მოპოვებული წარმატებისთვის.

2018 წლის აღიარება ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციას ერგო - მოგეხსენებათ, UNESCO-მ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2018 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს მიენიჭა.

2018 წლის საუკეთესო მენეჯერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა.

სპორტისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

სამინისტრომ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიანიჭა გენო პეტრიაშვილს - 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. სპეციალური პრიზები გადაეცათ: 2017 წელს ნაჩვენები სპორტული შედეგებისთვის პრიზი მიიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ, წლის აღმოჩენა - გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საერთაშორისო აღიარება - ზვიად პატარიძე - 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვერსიით.

სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი .

2018 წლის საუკეთესო ლეგიონერის პრიზი მიიღო თორნიკე შენგელიამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის დაჯილდოვდა გია გიორგაძე, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი.

ზამთრის სპორტის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი გადაეცა ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანს.

მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდნენ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - იმპერატორის თასისა და ოძეკის ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი პროფესიონალი სუმოისტი, ზაზა ფაჩულია - NBA-ს ორგზის ჩემპიონი და ნიკოლოზ ბასილაშვილი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP-ის ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]