„ჩვენი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია და, რა თქმა უნდა, ის არ შეიცვლება - ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ამასთან დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას. ასევე,
ვთხოვთ იმ მოჭიდავეებს, რომლებმაც დატოვეს მოსამზადებელი შეკრება და შეწყვიტეს სავარჯიშო პროცესი, დაუბრუნდნენ დარბაზებს და გააგრძელონ საწვრთნელი პროცესი ნაკრების მწვრთნელთა მეთვალყურეობით.
მათგან ქართველი გულშემატკივარი, სპორტული საზოგადოება ელის მხოლოდ წარმატებულ ასპარეზობას საერთაშორისო სარბიელზე, რაშიც ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალადობის ბრალდებით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით დადგინდა, რომ გეგეშიძემ სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორგზის ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს.
ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. თავად ფედერაციის პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს. როგორც დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, არავისთვის არაფერი ჩაურტყამს.
მოჭიდავეთა ნაწილი, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაზვიად პატარიძე, გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვს. მათ დუშეთში მოსამზადებელი შეკრება მიატოვეს და წუხელ თბილისში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაში მიიღეს მონაწილეობა.