weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ

15:45 შაბათი, 23 თებერვალი 2019

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის პარალელურად იმართება. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის დაპირისპირებაა. როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, მას იმედი არ აქვს, რომ პრეზიდიუმი მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს და გეგეშიძეს თანამდებობას დაატოვებინებს.

„ჩემი მოთხოვნაა, რომ გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა. ეს მოთხოვნა არ იცვლება. თუ სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ სამართალი არ ყოფილა. წავალ და ჩემს თავს მივხედავ“, – განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

დათუნაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა განცხადებით, გეგეშიძეს თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს, რადგან მოჭიდავეს ფიზიკურად გაუსწორდა.

„მოძალადე გეგეშიძე არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ქართველებისთვის საყვარელი სპორტის სახეობის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არის კაცი, რომელმაც ყველას თვალწინ, ტატამზე ურცხვად გაუტეხა თავი ძალიან წონიან და მაღალრეიტინგიან მოჭიდავეს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს და რატომღაც სასამართლომ ის დატოვა თანამდებობაზე“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაში „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიაც მონაწილეობდა. მისი თქმით, გეგა გეგეშიძის თანამდებობაზე დატოვება სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წახალისებაა.

„პირველ რიგში, როგორც მოქალაქე, არ შემიძლია არ ვიყო სოლიდარული ამ ძალიან წესიერი, პატიოსანი და პრინციპული ბიჭის, რომელმაც თქვა, რომ რაღაც გარიგება კი არ უნდა, არამედ გააპროტესტა ის უსამართლობა, რაც მოხდა ფედერაციაში და ბოლომდე იბრძვის. გეგეშიძემ დაასისხლიანა მეორე ადამიანი, ის არ დაისაჯა და თანამდებობაზე აგრძელებს მუშაობას. ეს არის ძალადობის პირდაპირი წახალისება. ეს ძალიან დიდი სისტემური პრობლემაა ჩვენს სახელმწიფოში და სცილდება მხოლოდ დათუნაშვილს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მისი თქმით, დგას არჩევანის წინაშე – ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]