weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია – ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

09:46 კვირა, 24 თებერვალი 2019
ფოტოზე გეგა გეგეშიძე ფოტოზე გეგა გეგეშიძე

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ, გეგა გეგეშიძე, რომელიც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშია ბრალდებული, ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე რჩება.

როგორც ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ედიშერ მაჩაიძემ განაცხადა, პრეზიდიუმმა ზურაბ დათუნაშვილს შესთავაზა გააგრძელოს ნაკრებთან ერთად ვარჯიში.

„ზურა არის ჩვენი მეგობარი, მოჭიდავე. ძალიან გვტკივა გული, რომ ვარჯიშებს აცდენს და გვინდა, რომ ჩადგეს ისევ იმ რიგში. შესაბამისად, განვიხილეთ ლერი ხაბელოვის წინადადება -

თუ ის გრძნობს, რომ ფედერაციის მხრიდან რაიმე კუთხით ჩაგრავენ, დათო გობეჯიშვილი, რომელიც ოლიმპიურ კომიტეტშია, დაესწრება ყველა იმ შეკრებას, სადაც ზურა გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად იყოს და დაიცავს მის უფლებას, თუ ეს უფლება ირღვევა, როგორც ზურა აცხადებს.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ შეზღუდულა მისი უფლებები, მაგრამ თუ ის ასე თვლის, დავით გობეჯიშვილი ყველა შეკრებაზე იქნება. დამნაშავე ორივე მხარეა. შეჯიბრის ჩაშლა დაიწყო მოჭიდავეების მხრიდან. ჩაშლაზე თავსი სანქციაა, მაგრამ ჩვენ ამ სანქციაზეც და დისციპლინური კომიტეტისთვის გადაცემაზეც უარი ვთქვით, სერთოდ ეს საკითხი არ განგვიხილია და ზურას შევთავაზეთ, შეკრებაზე ჩაერთოს, დაამტკიცოს თავისი სიძლიერე“, – განაცხადა ედიშერ მაჩაიძემ.

მისივე თქმით, ზურაბ დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.

„მორალური მხარე, რომელიც ზურა დათუნაშვილს აწუხებდა, ეს იყო ბატონი გეგას ის ქცევა, რომელიც მსჯელობის საგანია. გეგა გეგეშიძემ თვალებში შეხედა ზურას და მოინანია.

მან თქვა, რომ რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო და ზურა დათუნაშვილს უთხრა, რომ რადგან ფედერაციის პრეზიდენტია, ალბათ, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინა. პირადად ზურას ბოდიში მოუხადა. გეგა გეგშიძემ ზურა დათუნაშვილს ჰკითხა: ახლა შენ თქვი, შენი მხრიდან რაც დააშავეო“, – განაცხადა მაჩაიძემ.

მისივე თქმით, საპასუხოდ ზურა დათუნაშვილმა გეგა გეგეშიძეს განუცხადა, რომ მას მოძალადე პრეზიდენტთან თანამშრომლობა არ შეუძლია. ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, მთავარია, დათუნაშვილმა ცხელ გულზე ემოციები შეიკავოს და ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას პასუხი მოგვიანებით დაფიქრებულად გასცეს.

გეგა გეგეშიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. მისი თქმით, დგას არჩევანის წინაშე – ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]