weather cur horoscope tv
ივნისი 02, 2020

„რეალის“ სამარცხვინო მარცხი „აიაქსთან“

10:22 ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 hits 305

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა განმეორებითი მერვედფინალური მატჩებით განახლდა და ხმაურიანი შედეგიც დაფიქსირდა. პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე დამარცხებულმა (1:2) ამსტერდამის „აიაქსმა“ ამჯერად სტუმრად მადრიდში იდეალურად შეასრულა რთული ამოცანა, „რეალს“ უდიდესი მარცხი აგემა და ტურნირიდან გამოთიშა.

ნათლად გამოჩნდა, რომ „სამეფო კლუბი“ ღრმა კრიზისშია. „ბარსელონასთან“ ბოლო შეხვედრებში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ორჯერ შერცხვენილი „რეალი“ოპტიმისტურად იყო განწყობილი „აიაქსის“ წინააღმდეგ, თუმცა ერიკ ტენ ჰაგის ახალგაზრდულმა გუნდმა პირველივე წუთებიდან გააჩაღა ისეთი შესანიშნავი ბურთაობა, რომელიც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ხიბლავს. მე-18 წუთზე სტუმარი ამსტერდამელები უკვე სასურველი ანგარიშით, ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ. ბრწყინვალე იყო დუშან ტადიჩი, რომელმაც სერხიო რამოსის გარეშე დარჩენილი მადრიდელთა დაცვის ხაზი უბრალოდ აიკლო და რაც მოესურვებოდა, იმას აკეთებდა. სერბმა ორი საგოლე პასი გააკეთა, ჯერ ჰაქიმ ზიეშს, მერე კი დავიდ ნერესს გაატანინა. სანტიაგო სოლარის გუნდს პირველივე ტაიმში ორი იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუხდა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონია. ტადიჩმა მესამე გოლი თავად გაიტანა: დიდებული კომბინაციისა და ტექნიკური გარჯის შემდეგ ტიბო კურტუას კარის ცხრიანი გახვრიტა. სანამ საგოლე კომბინაცია დაიწყებოდა, ბურთმა პირითი ხაზი დატოვა, მაგრამ მსაჯმა და ვიდეორეფერმა დიდი განხილვის შედეგად გოლი ჩათვალეს. 0:3 კატასტროფას ნიშნავდა, „რეალს“ აუცილებლად სამი გოლი უნდა გაეტანა და მალევე მარკო ასენსიომ ერთი ბურთი გაქვითა, წინ 20 წუთი იყო და მასპინძლებს უნდა გაებრძოლათ, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ლასე შიონემ საჯარიმო ბრწყინვალედ შეასრულა - 1:4. თამაშიც ასე დასრულდა. „აიაქსი“ საოცარი ფეხბურთის თამაშით დამსახურებულად გავიდა მეოთხედფინალში, „რეალი“ კი ცხრა წლის შემდეგ გამოეთიშა ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს მერვედფინალში.

რეალი - აიაქსი 1:4

0:1 ზიეში (7) 0:2 ნერესი (18) 0:3 დ. ტადიჩი (62) 1:3 ასენსიო (70) 1:4 შიონე (72).

დღის მეორე მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის „ტოტენჰემმა“ მეოთხედფინალის საგზური მშვიდად მოიპოვა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს სამბურთიანი უპირატესობა არ გაუნიავებია და „ბორუსია“ დორტმუნდშიც დაამარცხა. ბუნდესლიგის ლიდერი ვესტფალიური კლუბი ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ ლონდონურ კლუბთან მერვედფინალი ისე დატოვა, რომ 180 წუთში გოლიც ვერ გაიტანა. „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს.

დორტმუნდის ბორუსია - ტოტენჰემ ჰოტსპური 0:1

კეინი (48).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება: პორტო-რომა და პსჟ-მანჩესტერ იუნაიტედი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]