weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

პარიზული სასწაული და ასოცწუთიანი დრამა პორტოში

10:31 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

UEFA-ს 2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. ორ საპასუხო მერვედფინალურ მატჩში მოვლენები უაღრესად საინტერესოდ, დრამატულად და სენსაციურადაც განვითარდა.

ფავორიტ „პარი სენ-ჟერმენთან“ შინ დამარცხებული (0:2) „მანჩესტერ იუანიტედი“ სტუმრად პარიზში მეტწილად ფორტუნისა და სასწაულის იმედად იყო და შეხვედრაც სწორედ გამართლებით დაიწყო - რომელუ ლუკაკუმ მეტოქის შეცდომით ისარგებლა და სწრაფი გოლით გახსნა ანგარიში, თუმცა მასპინძელმა პარიზელებმა უმალ შეუტიეს და რამდენიმე წუთში გაათანაბრეს. თამაშში უკეთ თომას ტუხელის გუნდი გამოიყურებოდა, მაგრამ გოლი კვლავ მანჩესტერელებმა გაიტანეს - ლუკაკუმ ისევ მეტოქის დახმარებით დუბლი შეასრულა და ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევარში „პსჟ“ დაისაჯა, რადგან გასატანი აღარ გაიტანა, „იუნაიტედს“ კი კიდევ ერთხელ გაუმართლა და მატჩის უკანასკნელ წამებზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა - პარიზული პუბლიკა დაიშოკა, არბიტრმა დამირ სკომინამ ვიდეორეფერისთან განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, მარკუს რეშფორდის დარტყმულს კი ჯანლუიჯი ბუფონმა ვერაფერი მოუხერხა და ულე გუნარ სულშერის გუნდმა, რომელიც პირველი მატჩის შემდეგ ნაადრევად ჩამოწერეს, თითქმის განახევრებული შემადგენლობით საფეხბურთო სასწაული მოახდინა და მეოთხედფინალში თამაში დაიმსახურა.

პარი სენ-ჟერმენი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:3

0:1 ლუკაკუ (2) 1:1 ბერნატი (12) 1:2 ლუკაკუ (30) 1:3 რეშფორდი (90+2 პ.).

არანაკლები დრამა იხილა გულშემატკივარმა პორტო-რომას შეხვედრაში. თანაბარ წყვილად შეფასებულ მეტოქეთა მეორე მატჩიც პირველის ანალოგიური ანგარიშით დასრულდა - „პორტომ“ 2:1 მოიგო, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაპირისპირება დამატებით დროში გაგრძელდებოდა. „რომა“ უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს გადამწყვეტი აქაც თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა, რომლითაც პორტუგალიური კლუბი შემდეგ ეტაპზე გავიდა, რომაელები კი ცრემლებით დაემშვიდობნენ პრესტიჟულ ტურნირს.

პორტო - რომა 3:1 (2:1, 1:0 დ.დ.)

1:0 ტიკინიო სოარესი (26) 1:1 დე როსი (37 პ.) 2:1 მარეგა (52) 3:1 ალექს ტელესი (117 პ.).

 

ამ თემაზე:

„რეალის“ სამარცხვინო მარცხი „აიაქსთან“

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]