„მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე - იძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო“, – წერს დათუნაშვილი სოციალურ ქსელში.
ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, მის მიმართ ანგარიშსწორება დაიწყო. კერძოდ, დათუნაშვილის თქმით, მას ხელფასი მოუხსნეს იმ ფონზე, როდესაც ფედერაცია მხარდაჭერას პირდებოდა.
„კარიერის გასაგრძელებლად მრჩება ერთადერთი გზა - ჩემი პრობლემის შესახებ ვაცნობო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, მივაწოდო იმის არგუმენტები, რომ ხდება ჩემი მიზანმიმართული დაჩაგვრა, რათა ჩემ მიმართ არ გამოიყენონ ზემოთ ნახსენები სანქცია.
ამასთან, იძულებული ვარ უახლოეს პერიოდში ქვეყნიდანაც წავიდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ“, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.
გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილის მიმართ ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. დათუნაშვილის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.
სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე.
ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. ფედერაციის პრეზიდიუმმა 23 თებერვალს გამართულ სხდომაზე დათუნაშვილის ეს მოთხოვნა არ განიხილა და გეგეშიძე თანამდებობაზე დარჩა.