საქართველომ მარტში პირველი ორი ტურის შეხვედრა ჯერ შვეიცარიასთან, მერე ირლანდიასთან წააგო და უფერული, უხარისხო ფეხბურთიც აჩვენა, ამიტომაც ქართველი ფეხბურთელები დღევანდელ მეტოქესთან გამარჯვების პირობას დებენ.
საქართველო და გიბრალტარი აქამდე ორ ოფიციალურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს: 2014 წლის ოქტომბერში, ევრო 2016-ის შესარჩევ ციკლში, პორტუგალიის ქალაქ ლოულეში „ჯვაროსნებმა“ 3:0 მოიგეს, მომდევნო წლის ოქტომბერში კი განმეორებითი შეხვედრა თბილისში ასევე საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
ვლადიმირ ვაისის გუნდში დანაკლისი დიდია: გიორგი ჩაკვეტაძე და ჯანო ანანიძე გუნდს თავიდანვე გამოაკლდნენ, ისევე, როგორც - გიორგი ქვილითაია, დღეს საბა კვერკველია და სავარაუდოდ, ვერც დავით ხოჭოლავა ითამაშებენ, სათუოა გიორგი ნავალოვსკის მოედანზე გამოჩენაც. თორნიკე ოქრიაშვილი უგუნდობის გამო არაა სიაში, ვაკო ყაზაიშვილი კი - ცუდ ფორმაში ყოფნის გამო.
საქართველო დღეს სავარაუდოდ, ამ შემადგენლობით ითამაშებს:
(4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ხარაბაძე; კვეკვესკირი, კანკავა; ლობჟანიძე, გვილია, კიტეიშვილი; კვარაცხელია.
მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას ფინელი არბიტრი ანტი მუნუკა განსჯის.