ვენესუელა-არგენტინის შეხვედრის საწყისი ათი წუთი საკმაოდ საინტერესო და მაღალტემპიანი გამოდგა. გოლიც ამ დროში გავიდა - თავი კვლავ ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა და „ალბისელესტე“ დააწინაურა. ამის შემდეგ ტემპი დაეცა, არგენტინამ უკან დაიწია, ვენესუელას კი მომენტის შექმნა უჭირდა. მეორე ტაიმში იგივე სურათი გაგრძელდა, „ამარანტინო“ ბურთს ფლობდა, თუმცა ხეირიანს ვერაფერს ახერხებდა - გუნდმა სულ ერთხელ დაარტყა კარში, არგენტინელებმა კი მეორე გოლით ყველაფერი გადაწყვიტეს - შეცვლაზე შესულ ჯოვანი ლო ჩელსოს გოლის გატანაში ვენესუელელი მეკარეც დაეხმარა. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრაში ლიონელ მესიმ თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ბევრისთვის მოულოდნელად, უგოლოდ დასრულდა კოლუმბია-ჩილეს თანაბარი ძალის მქონე წყვილის დაპირისპირება, ნულოვანი ყაიმის შემდეგ დანიშნულ პენალტების სერიაში კი ჩილემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თერთმეტმეტრიანების შესრულება მისი ძლიერი მხარეა. სხვათა შორის, კოლუმბიელი რეინალდო რუედას გაწვრთნილმა ჩილელებმა ორჯერ გაიტანეს გოლი, თუმცა ვიდეორეფერიმ ორივე გააუქმა. ცნობისთვის, წლევანდელ „კოპა ამერიკას“ კოლუმბიის ნაკრები ისე გამოეთიშა, რომ თამაშში გოლი არ გაუშვია.
ამრიგად, ნახევარფინალებში ერთი კლასიკური სუპერწყვილი შედგება: ბრაზილია არგენტინას დაუპირისპირდება, ჩილეს მეტოქე კი ურუგვაი-პერუს მეოთხედფინალურ შეხვედრაში გაირკვევა.
ამ თემაზე: