weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი საფეხბურთო ტრანსფერები, ნაწილი III

13:35 შაბათი, 22 ივლისი 2017

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტი დარჩა და საფეხბურთო კლუბების მიერ ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვაც გადამწყვეტ ფაზაში შედის.

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი საფეხბურთო ტრანსფერები, ნაწილი I

მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი საფეხბურთო ტრანსფერები, ნაწილი II

სანამ საფეხბურთო სამყარო ნეიმართან დაკავშირებულ სატრანსფერო საგას უცქერს, „ბარსელონამ“ იქამდე „ბენფიკადან“ 30 მილიონ ევროდ 23 წლის პორტუგალიელი მარჯვენა მცველი ნელსონ სემედო გაიფორმა და „ვალიადოლიდში“ გაუშვა მესამე მეკარე ხორდი მასიპი, რომელსაც „ბარსას“ მაისურით ოთხ წელიწადში 4 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიძინა მადრიდის „რეალმაც“ - ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე დანი სებალიოსი „ბეტისიდან“ მადრიდულ გრანდში 18 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

სატრანსფერო ბაზარზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს „მილანი“, რომელმაც „იუვედან“ ათვალწუნებულ წამყვან ცენტრალური მცველ ლეონარდო ბონუჩიში 42 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო „ლაციოდან“ არგენტინელი ნახევარმცველი ლუკას ბილია გადაიბირა - რომაულმა კლუბმა 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო მიიღო და მის შემცვლელად „ლივერპულიდან“ 5.7 მილიონად ბრაზილიელი შუახაზელი ლუკას ლეივა მოიყვანა. პარალელურად „მილანიდან“ „იუვენტუსში“ 12 მილიონ ევროდ გადავიდა 24 წლის მარცხენა მცველი მატია დე შილიო. „ბებერმა სინიორამ“ კონტრაქტი ასევე გაუფორმა პოლონელ მეკარე ვოიცეხ შჩესნის, რომელიც ბოლო ორი სეზონში „რომაში“ იჯარით ასპარეზობდა.

წერტილი დაესვა ალვარო მორატას გარშემო არსებულ მითმა-მოთქმას - ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. "არისტოკრატებს" 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდათ, მორატა კი ლონდონურ გრანდში ხუთ წელს გაატარებს. „ჩელსიმ“ ასევე შეიძინა ახალგაზრდა ფრანგი ტიემუ ბაკაიოკო, რომლის სანაცვლოდაც „მონაკომ“ 40 მილიონი ევრო მიიღო, მისი თანამემამულე კურტ ზუმა კი „ჩელსიმ“ არენდით ამჯერად „სტოუკ სიტიში“ გაუშვა.

პრემიერ ლიგის ტრანსფერებში ასევე გამოსარჩევია კაილ უოკერის „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა - ინგლისის ნაკრების წევრის შეძენა მანჩესტერულ კლუბს 57 მილიონი ევრო დაუჯდა და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ახალშენაძენები: ინგლისის ეროვნული გუნდის კარის დარაჯი ჯო ჰარტი და მექსიკის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ხავიერ (ჩიჩარიტო) ერნანდესი ლონდონელი „ჩაქუჩების“ ღირსებას დაიცავენ. „ლივერპულმა“ კი „ჰალ სიტიდან“ პერსპექტიული შოტლანდიელი ნახევარმცველი ენდრიუ რობერტსონი გაიფორმა.

„სევილიამ“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მიჰყიდა ესპანეთის ნაკრების წევრი ვიტოლო, თუმცა მადრიდულ კლუბს ზამთრამდე სატრანსფერო აკრძალვა აქვს და შესაბამისად, ახალგაზრდა თავდამსხმელი იანვრამდე იჯარის წესით „ლას პალმასში“ ითამაშებს. სევილიურმა კლუბმა ფორვარდის შემცვლელად „მანჩესტერ სიტიდან“ 9 მილიონ ევროდ ნოლიტო მოიყვანა და „ლილიდან“ შეიძინა ფრანგი მცველი სებასტიან კორშია, ხოლო მისი თანამემამულე ადილ რამი მარსელის „ოლიმპიკს“ მიჰყიდა.

„ვალენსია“ დატოვა ბრაზილიელმა გოლკიპერმა დიეგო ალვესმა, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და „ფლამენგოში“ ჩაირიცხა.

საფრანგეთის ნაკრების მარჯვენა მცველი ქრისტოფ ჟალე ლიონის „ოლიმპიკიდან“ „ნიცაში“ გადაბარგდა, ლიონელებმა კი მისავე ამპლუის ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელი კენი ტეტე შეიძინეს „აიაქსიდან“.

ახალგაზრდა ფეხბურთელები დაიმატეს ჰოლანდიის მოქმედმა ჩემპიონმა „ფეიენოორდმა“ და დორტმუნდის „ბორუსიამ“ - როტერდამულ კლუბში ჯერი სენ-ჟიუსტი და რიჯესიანო ჰაპსი, შესაბამისად „ჰერენვენიდან“ და „ალკმაარიდან“ გადავიდნენ, სირიაში დაბადებული ახალგაზრდა გერმანელი მაჰმუდ დაუდი კი მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მისავე მოსახელე კლუბის სანაცვლოდ შეელია. დორტმუნდელთა რიგები დატოვა სვენ ბენდერმა, რომელიც ტყუპისცალ ძმას, ლარს ბენდერს შეუერთდა ლევერკუზენის „ბაიერში“.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]