weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახა კალაძე გუშინდელ მატჩზე ყოფნას განმარტავს და ბოდიშს იხდის

18:00 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი, თამაშზე დასასწრებად „უეფამ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ  მიიწვიეს.

„სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, „ჩაწყობა“, „ჩინოვნიკობა“, ან რამე უკანონო ქმედება.

„უეფასგან“ და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩეზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.

უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში“, – აცხადებს კახა კალაძე.

რაც შეეხება შვილის თანხლებას, კალაძის თქმით, მეტად უნდა გაეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება. კახა კალაძე „უნებური შეცდომისთვის“ ბოდიშს იხდის.

„მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია.

ამის გამო, ბევრმა, ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე გულშემატკივრის დაჯარიმებას შეეხო და თქვა, რომ ამ ადამიანის ოჯახს ჯარიმა ტვირთად არ უნდა დააწვეს.

„ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა, დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას“, – აცხადებს კალაძე.

გუშინ, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები შეხვდნენ. კორონავირირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო სტადიონზე მაყურებლის დასწრება აიკრძალა, თუმცა როგორც გავრცელებული კადრებიდან გაირკვა, თამაშს ტრიბუნიდან უყურებდნენ კახა კალაძე შვილთან ერთად, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ასევე, ყოფილი ფეხბურთელები - ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, თემურ ქეცბაია და მსახიობი ზურა ყიფშიძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის შემდეგ სამართალდამცველებმა, კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს მამაკაცი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებს „დინამო არენსთან“ უგულშემატკივრა და თამაშის შემდეგ სახლში მიდიოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]