„გადაწყვეტილია, რომ მასუდ შოჯაეისა და ეჰსან ჰაჯსაფის ეროვნულ ნაკრებში აღარასოდეს გამოიძახებენ, იმიტომ რომ მათ წითელი ხაზი გადაკვეთეს“, - განაცხადა სატელევიზიო გამოსვლაში ირანის სპორტის მინისტრმა მოჰამად რეზა დავარზანიმ.
ირანის ისლამური რესპუბლიკა არ ცნობს ისრაელის სახელმწიფოს და თავის მოქალაქეებს ყველაფერში, მათ შორის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში უკრძალავს ისრაელის წარმომადგენლობასთან ყოველგვარ კონტაქტს, ამიტომაც ევროპა ლიგის ეგიდით გამართული პანიონისი-მაკაბის მატჩი ირანელი ფეხბურთელებისთვის საბედისწერო გამოდგა.
აღნიშნული ფაქტის გამო FIFA-მ შესაძლოა ირანის ფეხბურთის ფედერაციასა და ამ ქვეყნის ნაკრებს სანქციები დაუწესოს, რადგან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ფეხბურთში, მითუმეტეს საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგია.
33 წლის ნახევარმცველი მასუდ შოჯაეი, რომელიც პამპლონის „ოსასუნაში“ თამაშით გახდა ცნობილი, ირანის ნაკრებში 2004 წლიდან ასპარეზობდა და 70 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი. იგი მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე მონაწილეობდა, 2006 და 2014 წლებში და ირანის ნაკრების ისტორიაში გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა, ბოლო პერიოდში კი ნაკრების კაპიტანი იყო.
რაც შეეხება ამპლუით უკანახაზელ ეჰსან ჰაჯსაფის, 27 წლის მარცხენაფლანგელი, რომელიც ახლახანს გადავიდა „პანიონისში“, ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობდა და 84 გამართულ შეხვედრაში 6 გოლი ჰქონდა გატანილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ირანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელსაც პორტუგალიელი კარლოს კეიროსი წვრთნის, ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გაისად რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.