ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა:
„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.
რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვის
სიხარულის მოტანა. მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი.
ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება.
ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი.
და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი“.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 1991 წელს გორში დაიბადა. ის ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული აქვს ვერცხლის მედალი, ხოლო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო აიღო. 2016 წელს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მიმდინარე წლის იანვრიდან ის საკუთარი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლას ხელმძღვანელობს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა – მესამე სალიცენზიო ტურნირზე, რომელიც მაისში გაიმართა, კორონავირუსის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, პირველ და მეორე სალიცენზიო ტურნირებში კი გამარჯვება ვერ მოიპოვა.