D ჯგუფში საქართველო-ირლანდიის პარალელურად პირველადგილოსანი სერბეთი ბელგრადში ბოლოადგილოსან მოლდოვას მასპინძლობდა. სლავოლიუბ მუსლინის გუნდიდან პირველ ტაიმში ფრანკფურტის „აინტრახტის“ ახალგაზრდა ნახევარცმველმა მიატ გაჩინოვიჩმა და „რომას“ გამოცდილმა მარცხენაფლანგელმა ალექსანდარ კოლაროვმა ორი გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში ფინიშამდე ათი წუთით ადრე კი „ნიუკასლის“ ფორვარდმა ალექსანდარ მიტროვიჩმა სამ ბურთამდე გაზარდა ანგარიში. უელსის დედაქალაქ კარდიფში ავსტრიის ნაკრები მასპინძლებს 78-ე წუთამდე უძალიანდებოდა, თუმცა შეხვედრაში ერთადერთო გოლი გავიდა - იგი უელსის ნაკრების 17 წლის ახალწვეულმა ბენ ვუდბერნმა სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა და ქრის კოულმენის გუნდს უაღრესად საჭირო სამი ქულა მოუპოვა. ქვეჯგუფის ლიდერი 15 ქულით სერბეთია, მეორეზე ირლანდიაა 13 ქულით, უელსს 11 ქულა აქვს, შემდეგ კი ავსტრია, საქართველო და მოლდოვა მოდიან, შესაბამისად 8, 4 და 2 ქულით.
G ჯგუფში პლეი-ოფში მოხვედრაზე მებრძოლმა ალბანეთმა შინ ბოლოადგილოსანი ლიხტენშტაინი მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლით დაამარცხა და გასვლის იმედები დაიტოვა. ბოლო პერიოდში საკმაოდ სუსტად მოთამაშე ისრაელის ნაკრები კვლავ დამარცხდა საკუთარ მოედანზე, ამჯერად უკვე გავარდნილ მაკედონიასთან, ხოლო სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა. ხულენ ლოპეტეგის გაწვრთნილმა ესპანელებმა უაღრესად სანახაობრივ, ტემპიან და საინტერესო მატჩში „სკვადრა აძურა“ ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებულად დაამარცხეს ჯან პიერო ვენტურას გუნდი. ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ისკომ პირველ ტაიმში ჯანლუიჯი ბუფონს დუბლი შეუსრულა, ჯერ ჯარიმიდან მარჯვენით, შემდეგ - ცაცია დარტყმით. იტალიელები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა დავიდ დე ხეას კარს გასაღები ვერაფრით მოუძებნეს და მესამე გოლი შეცვლაზე შესული ალვარო მორატასგან მიიღეს, როდესაც კონტრშეტევაში ჩართულმა სერხიო რამოსმა 77-ე წუთზე „ჩელსის“ ცენტრფორვარდს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა.
საინტერესოდ წარიმართა მოვლენები I ჯგუფში, სადაც რუსეთში ასპარეზობაზე პრეტენზიას ოთხი გუნდი აცხადებს, ორი კი ბრძოლასაა გამოთიშული. მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ქალაქ ტამპერეში, სადაც უკვე გავარდნილმა ფინეთის ნაკრებმა მებრძოლი ისლანდია მე-8 წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს და კუნძულელები უქულოდ გააბრუნეს. ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილმა უკრაინელებმა პრინციპული შეხვედრა ხარკოვში მწვრთნელგამოცვლილ თურქებთან გამართეს და დორტმუნდის „ბორუსიაში“ ახლახანს გადასული ანდრეი იარმოლენკოს დუბლით დაამარცხეს მეტოქე გუნდი. რაც შეეხება ხორვატია-კოსოვოს შეხვედრას, მატჩი ძლიერი წვიმის გამო შეწყდა და გადაიდო - ზაგრების „მაქსიმირზე“ გუნდები დღეს ითამაშებენ.
მატჩების ანგარიშები:
D ჯგუფი
სერბეთი 3:0 მოლდოვა
საქართველო 1:1 ირლანდია
უელსი 1:0 ავსტრია
G ჯგუფი
ალბანეთი 2:0 ლიხტენშტაინი
ისრაელი 0:1 მაკედონია
ესპანეთი 3:0 იტალია
I ჯგუფი
ფინეთი 1:0 ისლანდია
უკრაინა 2:0 თურქეთი