weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროპის ზონაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-8 ტური დასრულდა

12:05 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

საქართველოს ნაკრების მსგავსად, მე-8 ტურის მატჩები ევროპის სხვა ქვეყნების ეროვნულმა გუნდებმაც ითამაშეს. სამ ქვეჯგუფში გამართულ შეხვედრებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და მუნდიალზე გასასვლელად გამართული ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა.

D ჯგუფში ავსტრია-საქართველოს პარალელურად ორი მატჩი მიმდინარეობდა. დუბლინში ცხრილის ლიდერებმა ირლანდიამ და სერბეთმა ითამაშეს. მატჩის ბედი გამოცდილი ალექსანდარ კოლაროვის 55-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა - პირველადგილოსანი სერბები დამაჯერებლად გალიდერდნენ და ჯგუფიდან გასვლის საკითხი წარმატებით მოაგვარეს, „ზურმუხტის კუნძულელებმა“ კი ბალკანელებთან საშინაო მარცხის გამო მეორე ადგილი უელსს დაუთმეს, რადგან ვალიელებმა ბოლოადგილოსან მოლდოვას ჰალ რობსონ-კანუსა და აარონ რემზის გვიანი გოლებით სძლიეს და მეორე ადგილზე აღზევდნენ. ჩვენს ქვეჯგუფში სერბეთს 18 ქულა დაუგროვდა, უელსს - 14, მესამეზე ირლანდიაა 13 ქულით, ცხრაქულიან ავსტრიას კი პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსებიღა დარჩა.

D ჯგუფი მატჩების ანგარიშები:

ავსტრია 1:1 საქართველო

ირლანდია 0:1 სერბეთი

მოლდოვა 0:2 უელსი

G ჯგუფში გამოკვეთილმა ლიდერებმა ესპანეთმა და იტალიამ მორიგი სამი ქულა მიითვალეს. პირველ ადგილზე მყოფი „ფურია როხა“ ლიხტენშტაინში ჩავიდა და ჯუჯა სახელმწიფოს ნაკრებისგან შეიძლება ითქვას, ქვა-ქვაზე არ დატოვა - ესპანელებმა 8 გოლი გაიტანეს, საიდანაც ორ-ორი გოლი ალვარო მორატასა და იაგო ასპასის ანგარიშზეა, თითო ბურთით ნაკრებს კაპიტანი სერხიო რამოსი, ისკო და დავიდ სილვა შეეწივნენ, მატჩის უკანასკნელ წუთზე კი მასპინძლებმა ავტოგოლი მიითვალეს. „სკვადრა აძურამ“ რეჯიო ემილიას პატარა ტევადობის სტადიონზე დემორალიზებულ ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და „ლაციოელი“ ჩირო იმობილეს 53-ე წუთზე გატანილი თავური გოლით დაამარცხა ელიშა ლევის გუნდი. პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსები შემოინახა ალბანეთის ნაკრებმა, რომელმაც ასპარეზობას გამოთიშულ მაკედონიასთან შეხვედრა სტუმრად ფრედ დაასრულა.

G ჯგუფი მატჩების ანგარიშები:

ლიხტენშტაინი 0:8 ესპანეთი

იტალია 1:0 ისრაელი

მაკედონია 1:1 ალბანეთი

უაღრესად დაიძაბა მდგომარეობა I ჯგუფში, სადაც ოთხი ნაკრები უშეღავათოდ იბრძვის რუსეთში მოსახვედრად. ისლანდიელებმა „ევერტონელი“ გიულფი სიგურდსონის დუბლის წყალობით პრინციპული თამაში მოუგეს ანდრეი შევჩენკოს გაწვრთნილ უკრაინის ნაკრებს და მეორე ადგილი ჩამოართვეს, მირჩა ლუჩესკუს ხელმძღვანელობით კი პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო თურქეთის ეროვნულმა გუნდმა - ქალაქ ესქიშეჰირში მასპინძლებმა პირველადგილოსან ხორვატიას „ბეშიქთაშელი“ გოლეადორის, ჯენქ თოსუნის გოლით სძლიეს. რვა ტურის თავზე 16-16 ქულით პირველ მეორე ადგილებს ხორვატია და ისლანდია იყოფენ, მესამე და მეოთხე პოზიციებზე კი 14-14 ქულით შესაბამისად, თურქეთი და უკრაინა იმყოფებიან. დარჩენილ ორ ტურში ამ ქვეჯგუფში კიდევ უფრო საინტერესო და უკომპრომისო დაპირისპირებები გაიმართება.

I ჯგუფი მატჩების ანგარიშები:

ისლანდია 2:0 უკრაინა

თურქეთი 1:0 ხორვატია

კოსოვო 0:1 ფინეთი

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]