weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში თამაშის უფლება კიდევ ორმა ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა

14:19 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასრულდა აზიის ზონაში, სადაც მუნდიალის საგზური კიდევ ორმა ნაკრებმა მოიპოვა - ირანსა და იაპონიას, საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა შეუერთდნენ. რუსეთში შესაძლოა მეხუთე აზიური გუნდიც ვიხილოთ, საამისოდ წლის ბოლოს ორი გადათამაშება გაიმართება.

უკანასკნელ მე-10 ტურში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა ორ ჯგუფად გაყოფილ გუნდებს შორის. ავსტრალიის ნაკრებს მელბურნში დიდი ძალისხმევა დასჭირდა უსუსტესი ტაილანდის დასამარცხებლად - ანგე პოსტეკოგლუს ფავორიტმა გუნდმა გაჭირვებით 2:1 სძლია ბოლოადგილოსან ინდოჩინელებს, რომლებსაც გასულ წელს გარდაცვლილი მეფის, პჰუმიპონ ადულიადეტის საპატივსაცემოდ არატრადიციული შავი ფორმა ეცვათ. მოგვიანებით ამავე ქვეჯგუფში ბერტ ვან მარვეიკის გაწვრთნილმა საუდის არაბეთის ნაკრებმა უმოტივაციო იაპონია 1:0 დაამარცხა და ავსტრალიის მსგავსად 19 ქულას მოუყარა თავი, თუმცა გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით მუნდიალზე პირდაპირ მოხვდა, ავსტრალიას კი რუსეთში სათამაშოდ პლეი-ოფებში მოუწევს ბრძოლა. საუდელები მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებენ.

უფრო დრამატული დასასრული ჰქონდა მეორე ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრებს, რომლებშიც მრავალი შესაძლო ვარიანტი არსებობდა გამსვლელ-დამრჩენ გუნდების გასარკვევად. მუნდიალზე დიდი ხნის წინ გასულმა ირანმა სირიის ნაკრებს უმასპინძლა და ქულით დაეხმარა სასტიკი ომის გამო საკმაოდ შევიწროვებულ გუნდს (სირიის ნაკრები სამშობლოში არსებული საომარი კონფლიქტის გამო შესარჩევ ციკლში საშინაო მატჩებს სხვადასხვა ქვეყნებში მართავდა). პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უზბეკეთმა ტაშკენტში ნულოვანი ყაიმი ითამაშა სამხრეთ კორეასთან და ნავსი კვლავ ვერ გატეხა - გამარჯვების შემთხვევაში უზბეკეთი პირდაპირ გადიოდა მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ კორეას პლეი-ოფში გზავნიდა, სირიას კი ქვეჯგუფში ტოვებდა (გარდა სირიის ირანში გამარჯვების ვარიანტისა), მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა. სამხრეთ კორეა ზედიზედ მერვედ, სულ კი მეცხრედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე, სირია კი საკუთარი საფეხბურთო ისტორიის დაწერას გააგრძელებს.

ამრიგად, ავსტრალია და სირია ოქტომბერში გასამართ ორმატჩიან პლეი-ოფში მეხუთე აზიურ გუნდს გამოავლენენ, რომელსაც დეკემბერში ჩრდილოეთ ამერიკის ზონის მეოთხეადგილოსანთან მოუწევს ასევე ორმატჩიანი დაპირისპირება მუნდიალზე მოსახვედრად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]