აფრიკის ზონის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში, სადაც სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, კაბო ვერდე და ბურკინა ფასო გამოდიოდნენ, მე-5 ტურამდე გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა, საამისოდ სენეგალს სამხრეთ აფრიკაში ვერ უნდა მოეგო, თუმცა ქალაქ პოლოკვანეში გამართულ მატჩში სტუმრებმა ორი უპასუხო გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს, კონკურენტებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ და 2002 წლის შემდეგ კვლავ ითამაშებენ მსოფლიო საფეხბურთო პირველობაზე.
2002 წელი ვახსენეთ და გეტყვით, რომ ამჟამად სენეგალის ნაკრებს, რომელიც FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებს, ალიუ სისე წვრთნის - სენეგალელთა სენსაციური წარმატების დროინდელი გუნდის კაპიტანი. ფეხბურთის გულშემატკივრებს ხომ კარგად ახსოვთ კორეასა და იაპონიაში გამართულ მუნდიალზე დებიუტანტი სენეგალელების მიერ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის დამარცხება და საბოლოოდ მეოთხედფინალამდე გასვლა.
აფრიკის ზონიდან მუნდიალზე ხუთი გუნდი გადის, შესაბამისად, დარჩენილი ორი საგზურისთვის მაროკო, კოტ დ’ივუარი, ტუნისი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იბრძვიან.