მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა იტალიის ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ პირველი მატჩის მსგავსად მეორე შეხვედრაც მოუგო „მონაკოს“. პირველ ტაიმში „ბებერი ქალბატონი“ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და შესვენებამდე დიდი სხვაობით დაწინაურებული რომ არ გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ მონაკოელთა ხორვატი მეკარის, დანიელ სუბაშიჩის დამსახურებაა, რომელმაც არაერთი ბრწყინვალე სეივი განახორციელა. ყველაფერი კი მაინც პირველივე ტაიმში გადაწყდა - მარიო მანჯუკიჩმა და დანი ალვესმა 33-ე და 44-ე წუთებზე ორჯერ დალაშქრეს მონეგასკების კარი. პირველი შეხვედრის მსგავსად კვლავ საუცხოო თამაში ჩაატარა დანი ალვესმა - 34 წლის ბრაზილიელმა განაპირა მცველმა წინა კვირას მონაკოში, სტადიონ „ლუი II“-ზე გაკეთებულ ორ საგოლე პასს, ამჯერად ტურინში ერთი საგოლე პასი და კიდევ ლამაზი გოლი დაუმატა. ლეონარდო ჟარდიმის გუნდს კი ჯანლუიჯი ბუფონის კართან მომენტის შექმნა უჭირდა და კარშიც პირველად 67-ე წუთზე დაარტყა, ხოლო ამ ეპიზოდიდან ორ წუთში პრესტიჟის გოლიც გავიდა - თავი კვლავ 18 წლის კილიან მბაპემ გამოიჩინა და მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფების 6 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. „მონაკოს“ გოლს მატჩის ბედზე გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ „იუვენტუსის“ მშრალი სერია დაასრულა, რომელიც 690 წუთს გრძელდებოდა.
ამრიგად, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა თასისა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ფინალში მეცხრედ, ხოლო წაუგებლად პირველად გავიდა - წლევანდელ სეზონში „იუვეს“ 12 თამაშში 9 მოგება და 3 ფრე აქვთ. 3 ივნისს გასამარ ფინალში ტურინული გრანდის მეტოქე მადრიდული დერბის გამარჯვებული, „რეალი“ ან „ატლეტიკო“ იქნება.