„ფედერაციისთვის და ჩემთვისაც საკმაოდ კარგი წელი იყო. ფედერაციაში წელს უამრავი მოგება დაფიქსირდა და უამრავი გამარჯვება მოიპოვა საქართველომ. დღეს ეს შრომა დაგვიფასა ოლიმპიურმა კომიტეტმა, რაც არის სასიხარულო მომენტი და ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს მომავალი წარმატებებისთვის“, - განაცხადა 24 წლის ძალოსანმა.
ლაშა ტალახაძემ 2017 წელს სამი ტიტული სამი რეკორდით მოიგო: აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის უძლიერესი ძალოსნის ტიტული მოიპოვა და ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა; ნოემბერში, დუშეთში, საქართველოს ჩემპიონი გახდა ასევე არნახული მიღწევით; 6 დეკემბერს კი, ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 477კგ დაძლია. ის აგრეთვე დაეუფლა ოქროს მედლებს ატაცსა და აკვრაში.