„ბორჯღალოსნებმა“ რუმინელი „მუხის ფოთლების“ ძლევით მხოლოდ 0.16 ქულა შეიმატეს და 73.96 ქულით მე-12 ადგილზე დარჩნენ. საქართველოს წინ კვლავაც იაპონიაა (75.66), უკან კი – ტონგა (71.87).
კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით დაწინაურდა რუსეთის ნაკრები, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის აუტსაიდერი გერმანია გაანადგურა, თუმცა „დათვების” წინსვლა ესპანელთა მოულოდნელმა ფიასკომ განაპირობა - „ლომებმა“ ბელგიაში 10:18 წააგეს და მსოფლიო თასის პირდაპირი საგზური დაკარგეს, რეიტინგში კი მე-20 ადგილზე აღმოჩნდნენ.
მსოფლიოს მე-2 გუნდის სტატუსი გაიმყარა ირლანდიამ, რომელმაც 6 ერის 2018 წლის გათამაშება დიდი სლემით მოიგო. „სამყურებმა“ ინგლისში „ვარდები“ 24:15 დაამარცხეს და წმინდა პატრიკის დღესასწაული ხმაურიანად იზეიმეს. ირლანდიელთა აქტივში 89.11 ქულაა და ისინი ინგლისელებს, რომელთაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად, 6 ერზე ბოლოსწინა მე-5 ადგილი დაიკავეს, უკვე 2.88 ქულით უსწრებენ.
მცირე სარგებელი ნახა შოტლანდიის ეროვნულმა გუნდმაც, რომელმაც რომში იტალიას ბოლო წუთებზე გრიგ ლეიდლოუს მიერ გატანილი ჯარიმის წყალობით მოუგო და სამხრეთ აფრიკას მე-5 პოზიცია აართვა. თავის მხრივ იტალია მე-14 საფეხურზე დარჩა და „ბორჯღალოსნებს“ 2.86 ქულით ჩამორჩება.